იპოთეკარების აქცია

მერია იპოთეკარებს: ნუ იქცევით პოლიტიკური მანიპულაციის იარაღად

amerikiskhma.com

თბილისის მერია იპოთეკარებს მოუწოდებს, ნუ იქცევიან პოლიტიკური მანიპულაციის იარაღად. დღეს მერიასთან იპოთეკარებმა აქცია გამართეს. მერია განცხადებას ავრცელებს.

"დღეს თბილისის მერიასთან იპოთეკარებისა და ე.წ. ატსტუპნიკების სახელით აქცია გაიმართა, რომელზეც აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან დაზარალებულთა პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეთა უმეტესობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები წარმოადგენდნენ. გამომდინარე აქედან, თბილისის მერია მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქცია, ისევე, როგორც გასულ დღეებში სხვადასხვა მუნიციპალურ შენობებთან გამართული აქციები, პოლიტიკურად მართულია და მიზნად უწყების დეზორგანიზებას ისახავს.

რაც შეეხება ზოგადად იპოთეკით დაზარალებულთა საკითხს, "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით" მუნიციპალიტეტს ამგვარი პრობლემის მოგვარების ბერკეტი არ გააჩნია. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გამართეს იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილთან შეხვედრა და მათ აღნიშნულის შესახებ განემარტათ.

თბილისის მერია მოუწოდებს დღევანდელი აქციის მონაწილეებს, ნუ იქცევიან პოლიტიკური მანიპულაციის იარაღად და იმოქმედონ კანონის შესაბამისად", - წერია მერიის განცხადებაში. 

დღეს მერიასთან შეკრებილი იპოთეკარები შენობაში შეჭრასაც ცდილობდნენ, მაგრამ მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ და მერიის უსაფრთხოების სამსახურმა არ მისცეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ქუჩის გადაკეტვაც სცადეს. მათ მერთან შეხვედრა სურდათ, შეკრებილები დავით ნარმანიასგან მთავრობასთან შუამდგომლობასა და უბინაოდ დარჩენილი 6 000- მდე მოქალაქის მერიისა და ეკონომიკის ბალანსზე არსებულ შენობებში შესახლებას ითხოვდნენ. დაპირისპირების დროს, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. იპოთეკარების აქციას შეუერთდა მოძრაობა სამოქალაქო ალიანსი - თავისუფლების ლიდერი ზურაბ ხარატიშვილიც.

კომენტარები