მთავრობის გადაყენება

ვოლსკი: ენმ-ის გეგმა მთავრობის გადაყენებაზე ქვეყანაში რყევისკენაა მიმართული

ტაბულა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გია ვოლსკის მოსაზრებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმას, მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით, უადგილოა და მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში მოხდეს რყევა. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, მთავრობის გადაყენების მოთხოვნას თავისუფალი დემოკრატები" შეუერთდნენ.

"კონსულტაციებზე, არ ვიცი, შესაძლოა, "თავისუფალი დემოკრატები" წავიდნენ. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ ინტენსიურად, არა მარტო დღეს, არამედ ადრეც სამომავლო გეგმები. კომიტეტებში იყო განხილვა, ეკონომიკური ჯგუფი იყო მისული, საკმაოდ ვრცელი, 7-8-საათიანი განხილვა მიმდინარეობდა. ვფიქრობ, მთავრობას ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, აქვს საკმაოდ მწყობრი და კარგი გეგმა. იმის აყოლა, რომ შეიქმნას დესტაბილიზაცია, უადგილოა და ცვლილებები უდროო. ეს არის მიმართული იმისკენ, რომ რყევა მოხდეს ისეთი, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას" რატომღაც ჰგონია, რომ რაღაც შედეგს მიიღებს. მაგრამ ვფიქრობ, უარესი იქნება ქვეყნისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობის" ამ გეგმას გავყვებით", - აღნიშნა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის გუშინდელ აქციასაც შეეხნენ, თუმცა, მისი მნიშვნელოვანი განხილვა არ ყოფილა. "შევეხეთ გუშინდელ აქციასაც, არამნიშვნელოვნად. ამ თემაზე დეტალური განხილვა არ ყოფილა. მაგრამ შევთანხმდით, რომ მუდმივად საჭიროა მეტი კომუნიკაცია საპარლამენტო უმრავლესობასა და მთავრობას შორის. გარკვეულ თემებთან დაკავშირებით, რა საკვირველია, პოლიტიკური სპეკულაციაა ჩემი აზრით. ამ თემაზე შეფასება არ ყოფილა. თუმცა აქციაზე იყო ბევრი ადამიანი, რომელთაც რეალურად აწუხებთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ამ პრობლემებს უფრო ინტენსიურად უნდა ხელის მოკიდება", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

დეპუტატის თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერმა ისაუბრა ასევე როგორც ცალკეული სამინისტროების, ისე მთლიანად მთავრობის გეგმებზე. ვოლსკის შეფასებით, საკმაოდ დამაჯერებელი და კარგი მონაცემებია. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ისაუბრეს ასევე საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელების საკითხზეც. „ვილაპარაკეთ კომიტეტების ხელმძღვანელებზეც, მნიშვნელოვან საკითხებზეც შევთანხმდით და ვფიქრობ, რომ კვირის ბოლოს საბოლოო შეთანხმების შემდეგ შესაძლებელი იქნება განცხადების გაკეთებაც", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კომენტარები