მთავრობის გადაყენება

ალასანია: მთავრობის გადაყენებაზე ენმ-ის ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

ალასანიას თქმით, საქართველოს ივანიშვილი და სააკაშვილი კი არა, განვითარება სჭირდება.

„ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი სჭირდებათ, რომ ხალხი დააშინონ ერთმანეთით. ამიტომ, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს და ჩვენს მომავალს არც ერთი არ სჭირდება. საქართველოს სჭირდება განვითარება, საქართველოს არ სჭირდება დაბრუნება სააკაშვილის წარსულში. აქციაზე მისული ხალხი, ძირითადად, გამოხატავდა იმ სულისკვეთებას, რომელიც მთელ საქართველოშია, რომ უმოქმედობამ საქართველო დახია უკან“, - განაცხადა ალასანიამ

ალასანიას თქმით, თავისუფალი დემოკრატები საკუთარი დღის წესრიგით შევა პარლამენტში.

„ჩვენ გვექნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების გეგმის პრეზენტაცია. ჩვენი დღის წესრიგით შევალთ პარლამენტში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ ინიციატივას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“, - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კონსულტაციების გამართვას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან გეგმავს.

კომენტარები