თბილისის მერია

ნარმანია: გეგი ნიჟარაძე კარგად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თუ გეგი ნიჟარაძემ კანონი დაარღვია, ამას სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ. თბილისის მერის თქმით, იქამდე, ნიჟარაძე ზედამხედველობის სამსახურის ხელძღვანელის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას. დავით ნარმანია მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიჟარაძე ნაკისრ ვალდებულებებს თავს კარგად ართმევს.

"თუ ვინმემ კანონმდებლობა დაარღვია, არსებობენ სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც პრობლემის რეაგირებას აკეთებენ ამასთან დაკავშირებით. მათ არ მოუთხოვიათ, რომ გეგი ნიჟარაძისათვის უფლებამოსილება შემეჩერებინა. ნიჟარაძე ძალიან კარგად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და მე ვფიქრობ, არ უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება. მითუმეტეს, გუშინ მე მას ძალიან ბევრი ახალი დავალება მივეცი და უნდა გააგრძელოს საქმიანობა,"- აცხადებს ნარმანია.

მერიის შიდა აუდიტის სამსახური, თბილისის მთავრობის წევრს გეგი ნიჟარაძეს კანონდარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია ატესტაციის დროს ერთ-ერთი მონაწილის კახა ბუსკივაძის შეურაცხყოფაზე. ბუსკივაძე აცხადებს, რომ გეგი ნიჟარაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური შეურაცხყოფით დაემუქრა. ინციდენტი თებერვალში მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოს შესწავლა კი მერიის შიდა აუდიტმა დღეს დაასრულა. დასკვნის მიხედვით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა კანონი დაარღვია. აუდიტის სამსახურმა საქმე დამატებითი გამოძიებისათვის პროკურატურაში გადაგზავნა. 

კომენტარები