აგრარული უნივერსიტეტის საქმე

კვირიკაშვილმა აგრარულ უნივერსიტეტში ვალდებულებების შესრულება აღიარა

ტაბულა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მისი უწყება აგრარული უნივერსიტეტის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს და კახა ბენდუქიძის მიერ შექმნილი ცოდნის ფონდის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულების შესრულებას ადასტურებს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აქამდე რაც იყო, იმაზეც მინდა მცირე განმარტება გავაკეთო: არსებობდა გამოძიების მხრიდან წამოსული შეკითხვები შესრულებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით. ეს შეკითხვები იყო ლეგიტიმური, იმ წინასწარი ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც არსებობდა ხარჯებთან დაკავშირებით. ამ შეკითხვებს გაეცა პასუხი, აქედან გამომდინარე, მე პირადად ვერ ვხედავ საფუძველს იმისთვის, რომ გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება", - აღნიშნა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, შეკითხვები იყო საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და მიდიოდა ჩვეულებრივი გამოძიება. „ამ ეტაპზე ალტერნატიული წყაროების მხრიდანაც დადასტურებულია ვალდებულებების შესრულება და დამატებითი ინვესტიციებიც არის განხორციელებული, ამიტომ საფუძველს იმისთვის, რომ გაგრძელდეს სასამართლო პროცესი, ვერ ვხედავ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეკონომიკის სამინისტროსა და ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აგრარული უნივერსიტეტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა უცვლელი დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტროს დაევალა აღიაროს ცოდნის ფონდის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულების პირნათლად შესრულება.

ბენდუქიძის დაფუძნებულმა ცოდნის ფონდმა 9 მილიონ ლარად და 8 მილიონი ლარის ინვესტიციების ვალდებულებებით ქონება შეიძინა, სადაც ამჟამად აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტებია განთავსებული. ფონდმა 2 წლის განმავლობაში უნივერსიტეტებში მრავალმილიონიანი ინვესტიცია ჩადო და საინვესტიციო ვალდებულებები გადაჭარბებით შეასრულა. ამ ყველაფერს აუდიტის სამი სხვადასხვა კომპანია(მათ შორის ორი საერთაშორისო ორგანიზაცია) ადასტურებს. აგრარული უნივერისტეტის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის წარდგენილ აუდიტორულ დასკვნაში, რომელიც დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთის Ernst & Young წერია, რომ 2013 წლის 24 დეკემბრისათვის უნივერსიტეტის მიერ შესრულებულმა საინვესტიციო ვალდებულებამ დღგ-ს გარეშე - 11, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 13 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 8 მილიონს აჭარბებს.

 

კომენტარები