ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

უდესიანი ხარძიანის ოჯახის ბრალდებებს უარყოფს

pia.ge

ბიზნესმენი გია უდესიანი მოკლული ბესიკ ხარძიანის ოჯახის წევრების ბრალდებებს უარყოფს. როგორც გია უდესიანმა რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, მას ოჯახის წევრების განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

„მე ოჯახის წევრების კომენტარზე კომენტარს არ გავაკეთებ. ისინი არიან გამწარებული ადამიანები დღეს, მაგრამ მინდა გავაკეთო კომენტარები იმ ადამიანების შესახებ, ვინც გარედან ათას სიბინძურეს ლაპარაკობს. არიან ჯგუფები, ვინც შავბნელ პიარს აგორებენ, წლების განმავლობაში ხდებოდა ეს. ასეთ სიბინძურეს რომ ადამიანს დააბრალებ დაუდასტურებლად, ამაზე დიდი სიბინძურე არ არსებობს. საქართველოში არსებობენ სამართალდამცავი ორგანოები, არსებობენ ძალოვანი უწყებები, რომლებიც იმედია, ძალიან სწრაფად გამოიძიებენ ამ საქმეს", - განაცხადა უდესიანმა.

დღეს გარდაცვლილ ბესო ხარძიანის დამ მაია ხარძიანმა მისი ძმის მკვლელობას შეკვეთილი უწოდა. შესაძლო შემკვეთად კი გია უდესიანი დაასახელა.

ბესიკ ხარძიანი უდესიანს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებდა. ბიზნესმენის მტკიცებით, წინა ხელისუფლების დროს უდესიანი მას კუს ტბის კომპლექსის წილის დათმობას სთხოვდა. 

ხარძიანი ამტკიცებდა, რომ მისი უარის გამო 2011 წელს მას ნარკოტიკები ჩაუდეს და დააკავეს, რის შემდეგაც იძულებული გახდა საკუთრება დაეთმო. 2 წლის შემდეგ ხარძიანი ციხიდან გათავისუფლდა და გარიგება სასამართლოში გაასაჩივრა, რის შედეგადაც სასამართლომ კუს ტბის კომპლექსი ხარძიანს დაუბრუნა. ამჟამად დავის განხილვა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.   

თბილისში ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

კომენტარები