ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

სააპელაციომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულ ფარიდ გურბანოვს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება შეკვეთით მკვლელობაში დახმარებაში ბრალდებულ ოლეგ დოევს, მეორე ინსტანციის სასამართლომ მისთვის შეფარდებული სასჯელი (19 წლით თავისუფლების აღკვეთა) უცვლელად დატოვა.

"დადასტურებულია, რომ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფარიდ გურბანოვი ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის ყალბი პასპორტის გამოყენებით, ოლეგ დოევთან ერთად ჩამოფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მათ ხანგრძლივი ვადით იქირავეს თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ბინა, შეიძინეს სპეციალურად შერჩეული „ჰონდას“ მარკის მოპედი (სკუტერი),  ჩაფხუტი, კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩის მქონე „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ კონსპირაციულად და სისტემატიურად აკონტროლებდნენ ბესარიონ ხარძიანის მოძრაობის მარშრუტს მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად. 

2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფ.გ. ფარულად უთვალთვალებდა, მივიდა თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლთან. ფ.გ. მას შეჰყვა სადარბაზოში და „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ბესარიონ ხარძიანს სამჯერ ესროლა, მათ შორის ერთი საკონტროლო თავის არეში. იმავე დღეს,  ფ.გ.-მ  და ო.დ.-მ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, დატოვეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი" - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

ფარიდ გურბანოვს ბრალად წარდგენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა შეკვეთით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, ხოლო ოლეგ დოევს ბრალად შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარება ედებოდა.

2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია კვალიფიკაციის ნაწილში და ბრალდებულებს 19 - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი პროკურატურამ მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრა.

აღსანიშნავია, რომ ორივე მსჯავრდებული მიმალვაშია. მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

კომენტარები