ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში

ფხალაძე: საქართველო არსად დაბრუნებას არ აპირებს

თენგიზ ფხალაძე
ტაბულა

პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განმარტა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადება, რომ არ არსებობს წინააღმდეგობები ქართველ, ბელარუს და რუს ხალხებს შორის და უნდა "ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ოდესღაც ვცხოვრობდით". ფხალაძის თქმით, ლუკაშენკომ ხალხებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა და საქართველო არსად დაბრუნებას აპირებს. 

"შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არსად დაბრუნებას არავინ არ აპირებს. საუბარი იყო სხვა რამეზე, რაც განმარტა ბელორუსიის პრეზიდენტმა - რომ ხალხებს შორის მტრობა არ არსებობს და პრობლემები შექმნილია პოლიტიკურ ჭრილში და პოლიტიკოსების მიერ და სწორედ ხალხთა შორის ურთიერთობების რესურსი შესაძლებელია, რომ გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ პოლიტიკური პრობლემები მოიხსნას. პოლიტიკური პრობლემები სწორედაც უნდა მოიხსნას და უნდა მოიხსნას სწორედ საერთაშორისო ძალისხმევის გაერთიანებით", - თქვა ფხალაძემ.

ფხალაძისვე მტკიცებით, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე არ უსაუბრია.

"როდის დგება შეხვედრა? როდესაც ამისთვის არსებობს პოლიტიკური ნება და მზადყოფნა ყველა მხარის მხრიდან. სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს რუსეთის ფედერაციის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არის რადიკალურად განსხვავებული იმისგან, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა, როგორ წარმოგვიდგენია ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის საკითხის გადაწყვეტა. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით მოვახერხოთ რაიმე ფორმით, დიპლომატიური გზებით მივიყვანოთ საკითხი მომწიფებამდე. სანამ საკითხი არ მომწიფდება, ვერანაირი შუამავალი ვერ მოამზადებს შეხვედრას, თუ არ იარსებობს პოლიტიკური ნება, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯი, მაგალითად, დეოკუპაციისკენ, დევნილების დაბრუნებისკენ, სხვა რაიმე ნაბიჯისკენ, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის და რომელიც, საქართველოს აზრით, რეალურად წაადგება პრობლემის მოგვარებას, მანამდე შუამავალს აზრი არ აქვს. კარგი იქნებოდა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, გადაიდგას რაიმე ნაბიჯი, რაც რეალურად დაეხმარება არსებული პრობლემის გადაწყვეტას, მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს ჩვენი ხედვები რადიკალურად განსხვავებულია", - განმარტა ფხალაძემ.

კომენტარები