დაკავება ვაკის პარკში

ე.წ. გიორგის ლენტის ჩამოხსნისთვის ხუთი პირი დააკავეს

ვაკის პარკში სამართალდამცველებმა 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულების განცხადებით, მათი დაკავება იმის გამო მოხდა, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, გმირთა მემორიალთან, რამდენიმე ადამიანს ე.წ. გიორგის ლენტი ჩამოხსნეს, რომლის ტარებაც, მათი თქმით კანონითაა აკრძალული.

დაკავებულებს შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გია ჭანტურია, რომელიც ასევე მოითხოვდა ვაკის პარკში მოსულებისგან გიორგის ლენტის მოხსნას.

ვაკის პარკში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა რაც იქ ევრაზიული არჩევანის თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე მივიდა, რომელსაც დაკავებულებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ვაკის პარკში მობილიზებულ პოლიციელებს მომხდარზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.

კომენტარები