არაფორმალური მართვა

ბიძინა ივანიშვილისა და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ

ბიძინა ივანიშვილი ბათუმში
რუსთავი 2

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, ევროკავშირის წარმომადგენელთა შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ლიდერთან, ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად, არ უნდა იქნეს მიჩნეული რაიმე ფორმით არაფორმალური მმართველობის აღიარებად. როგორც ცნობილია, ბათუმში, 19 ივნისს გამართულ კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა", სადაც ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობა მასპინძლობდა, მინისტრებთან ერთად ექსპრემიერი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქისა" და საზოგადოება 2030-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც მივიდა. ის ევროკავშირის წარმომადგენლებს ცალკე შეხვდა. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიას განუმარტა - ექსპრემიერი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა როგორც "არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი", შეხვედრა კი ევროკავშირის წარმომადგენლებმა მოითხოვეს. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, "ივანიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებთან მინისტრებმა შეაცილეს". მისივე მოსაზრებით, უცხოელი პარტნიორებიც, ფაქტობრივად, აღიარებენ იმას, რომ ივანიშვილი ქვეყანაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები პირია.

როგორც ტაბულას ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუმარტეს, კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" არა მარტო თემატური დისკუსიების წარმართვის შესაძლებლობას იძლევა, არამედ არის ადგილი, სადაც ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა სხვადასხვა ორგანიზაციებს - კვლევით თუ არასამთავრობო, ასევე ბიზნესასოციაციებსა და ა.შ. - შორის. წარმომადგენლობის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არ არის გამონაკლისი პირთა იმ ფართო სპექტრიდან, რომლებსაც ევროკავშირის ოფიციალური პირები ამგვარი ღონიძიებების დროს ხვდებიან.

ტაბულამ ევროკავშირის წარმომადგენლობას ჰკითხა - საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირმა მოითხოვა ივანიშვილთან შეხვედრა, რადგან ის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. ეს თუ ასეა, რატომ თქვა ევროკავშირმა უარი ტრადიციულ ფორმატზე, სამოქალაქო საზოგადოების წამყვან ფიგურებს ერთად შეხვედროდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, "ეს მტკიცება უსაფუძლოა და ტრადიციული ფორმატი, როგორც ასეთი, არ არსებობს".

ევროკავშირის წარმომადგენლობისვე განმარტებით, ბათუმის კონფერენციის დღეებში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან გამართული ყველა დისკუსიის ზოგადი შინაარსი ეხებოდა იმას, თუ როგორ განვავითაროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლები სამოქალაქო საზოგადოებას ცალკე ხვდებიან, თუმცა, არა სათითაოდ.

"სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გვხვდებიან ცალკე, თუმცა, არა სათითაოდ, რამდენიმეს ერთად. ყოველ შემთხვევაში, მე მარტო არ შევხვედრივარ", - თქვა ლომჯარიამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის ცნობით კი, ასეთი შეხვედრები მაღალი თანამდებობის პირებთან მინიმუმ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით ხდება.

"როგორც წესი, შეხვედრები არის ხოლმე არასამთავრობო სექტორთან. ანუ ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრება. მე შევხვედრივარ ევროკავშირის დელეგაციის რამდენიმე მაღალს ვერ დავარქმევ, საშუალო ჩინოსანს. თუმცა, ასეთ კონფერენციაზე, სიმართლე რომ გითხრათ, არ მახსენდება. აქ ცოტა სხვა საკითხია - ბიძინა ივანიშვილი, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი. მას, რა თქმა უნდა, აქვს უფლება, თავს თვლიდეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლად, მაგრამ ჩვენ, აქტიურ, დიდ არასამთავრობოებს შეხვედრა არ გვქონია ბიძინა ივანიშვილთან. მას და მის არასამთავრობო ორგანიზაციას ჩვენთან აქტიური კონტაქტი არ აქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - როდესაც ვაკეთებთ ღონისძიებებს, ერთმანეთს ვპატიჟებთ. ორგანიზაციასთან, რომელსაც ივანიშვილი წარმოადგენს, კონტაქტი არ გვაქვს.

მე ელჩს, როგორც ერთი ადამიანი, არ შევხვედრივარ. შეხვედრები ასეთი მაღალი თანამდებობის პირებთან ძირითადად მაინც ხდება მინიმუმ სამი ორგანიზაციის მონაწილეობით. ეს არის ის პრაქტიკა, რაც მქონია. ეს შეხვედრა მაღალი თანამდებობის პირებთან, რა თქმა უნდა, ბადებს გარკვეულ კითხვებს. მე რომ ამ შეხვედრას დავსწრებოდი, ან მქონდეს დეტალური ინფორმაცია შინაარსზე, ეს მოგვცემდა საფუძველს იმისას, გვეფიქრა, რამდენად წარმოადგენს რამის აღიარებას. შინაარსი არ ვიცით, ალბათ, ვერც გავიგებთ. შესაბამისად, რთულია, ერთი ან მეორე მიმართულებით რაიმე ვამტკიცოთ", - უპასუხა ნაცვლიშვილმა ტაბულას.

არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა კი აპირებს, ევროკავშირის რამდენიმე სტუქტურის ხელმძღვანელს მიმართოს.

"ვაპირებთ, მივმართოთ ევროკავშირის რამდენიმე სტრუქტურის ხელმძღვანელს, რა ტიპის შეხვედრა იყო და რატომ გადაწყვიტეს, მას შეხვედროდნენ. არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ არაფორმალური მმართველობის პრობლემა არის ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, არაფორმალურ მმართველთან ამ ტიპის შეხვედრები გარკვეულწილად მესიჯიც არის ქვეყნის შიგნით იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არის ასეთი ადამიანი და მასთან არაფორმალური შეხვედრები შესაძლებელია. მივმართავთ მათ და დავაფიქსირებთ პოზიციას, რომ ეს არ არის, ჩვენი აზრით, სწორი შეტყობინება", - თქვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზვიად დევდარიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარის გიორგი ტუღუშის მოსაზრებით, უცხოელი პარტნიორების დიდი დაინტერესება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრით ხაზს უსვამს იმას, რომ ის დასავლელ პარტნიორებსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონედ მიაჩნიათ.

"ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ბიძინა ივანიშვილს ევროკავშირის წარმომადგენლები ხვდებიან, როგორც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. ასევე, ხაზგასასმელია ის, რომ, როგორც წესი, მსგავსი სტუმრები არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან ხოლმე ჯგუფურად - ანუ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შეირჩევა ხოლმე, რომლებიც მუშაობენ გარკვეული მიმართულებებით. თუმცა, რთული წარმოსადგენია რეალობაში, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებს სურვილი ჰქონოდათ, შეხვედროდნენ ივანიშვილს, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს. რა თქმა უნდა, ეს მათი პოზიციაა და ამას პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ თვითონ ფაქტი, როდესაც ესოდენ დიდი დაინტერესებაა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის, იქნება ის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თუ უბრალოდ მოქალაქე, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც იგი მიაჩნიათ ძალიან დიდი გავლენის მქონედ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ამ რეალობას ვერ გაექცევა ვერც ევროკავშირი და ვერც საქართველოს სხვა პარტნიორი. ესაა რეალობა საქართველოში და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვიმყოფებით არცთუ ისე ნორმალურ მდგომარეობაში ზოგადად დემოკრატიისა და სახელმწიფოს მართვის კუთხით", - თქვა ტუღუშმა.

 

კომენტარები