ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილთან

პრემიერი: ალასანიას გადაყენება სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებით აბსოლუტურად სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრემიერმა გაზეთ ასავალ-დასავალთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ალასანიას მცდელობა, რომ ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად წარმოაჩინოს, აბსოლუტურად უსაფუძვლო და ხელოვნურია. ხელისუფლებაში რომ მოვედით და ალასანია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, ვინაიდან თქვა, რომ ის არის საქართველოს თავდაცვის მინისტრი და არა რომელი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი, რაც, მისი მხრიდან, სწორი საქციელი იყო. მაგრამ როცა ალასანიამ შეიტყო, რომ პროკურატურას გამოძიება ჰქონდა დაწყებული, იგი ჩემთან მოვიდა და მითხრა, პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებას ვაპირებო. წარმოიდგინეთ, ამას მეუბნება თავდაცვის მინისტრი, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო.

რამდენიმე კვირის შემდეგ ალასანია კვლავ მოვიდა ჩემთან და მითხრა, ინფორმაცია მაქვს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობსო. მთხოვა, მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზებაში დამეხმარე და იქნებ, "დავლაგდეთო". მე მას ვუთხარი, რომ ასეთ საკითხებში პრინციპულად არ ჩავერეოდი და ჩემი ოჯახის წევრსაც რომ ეხებოდეს საქმე, გამოძიების პროცესში ვერ ჩავიხედავდი. ერთი სიტყვით, მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზებაზე უარი ვუთხარი, "დასალაგებელი" არაფერია, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა დაისაჯოს და თუ არაფერი ჩაუდენიათ, რატომ ნერვიულობ-მეთქი?

ამის შემდეგ ყველამ ვნახეთ, რა რეაქციაც ჰქონდა ალასანიას და ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მან მოიმოქმედა. არცერთი ნორმალური მთავრობა და მთავრობის მეთაური არ მიიღებდა იმას, რაც ალასანიამ ჩაიდინა - თავდაცვის მინისტრის რანგში პარტიის ოფისში პრესკონფერენცია ჩაატარა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. ეს იყო თავდაცვის სამინისტროსა და ჯარის პოლიტიზების პირდაპირი მცდელობა, შესაბამისად, მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა! დიახ, აბსოლუტურად სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მივიღე, როცა ალასანია თანამდებობიდან გავათავისუფლე", - თქვა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები