საჯარო სამსახურის შესახებ კანონი

პრემიერი: უნდა შევქმნათ პროფესიული საჯარო სამსახური

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს ხელისუფლება საჯარო სამსახურის რეფორმას იწყებს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეფორმა ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება იყო. 

"ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ შევქმნიდით პროფესიულ საჯარო სამსახურს და ეს იქნებოდა კარიერულ წინსვლაზე დაფუძნებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც ჩვენი მთავრობის პირობებში დაიწყო და მივა ბოლომდე. ეს იყო სერიოზული გამოწვევა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის. თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა ადამიანების შერჩევა და დაწინაურება, მათი დაწინაურება არ ხდებოდა პროფესიული ნიშნით, ასევე ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ადამიანების პოლიტიკური ნიშნით გაშვებას სამსახურიდან. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ და შევქმნათ პროფესიული საჯარო სამსახური", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერმინისტრმა კანონპროექტის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელ ეკა ქარდავას და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს მაია ცქიტიშვილს, ასევე ევროკავშირს, USAID-ს და ყველას, ვინც ჩართული იყო კანონპროექტის მომზადებაში. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საჯარო სამსახურის რეფორმა არის ევროკავშირის, კერძოდ, ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა.

"ჩვენ ამას ვადაზე ადრე დავასრულებთ. კანონპროექტი გაიგზავნება პარლამენტში და დაიწყება განხილვები. მივიღებთ ამ კანონს, რომელიც იქნება უპრეცედენტო, მე ვიტყოდი რევოლუციური, იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდება მთელი ეს სისტემა და შეიქმნება მართლაც სერიოზული, პროფესიული, ევროპული, თანამედროვე, ცივილიზებული საჯარო სამსახური", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილება, რის შემდეგაც პარლამენტს გადაეგზავნება.
 

კომენტარები