ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობა 128,000 ადამიანით შეამცირეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობა 128,000 ადამიანით შეამცირა. ენმ-ის ინფორმაციით, 2013 წლის იანვრამდე საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 506,245 იყო, ხოლო ახლა - 377,971 მოქალაქეა.

"იმ დროს, როდესაც ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო სულ უფრო მეტი და მეტი ოჯახი ვარდება უკიდურეს სიღარიბეში. ამავე პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრომ საარსებო შემწეობა მოუხსნა 30,000 პენსიონერს, რომელთაგან ნახევარზე მეტი მარტოხელაა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა 2015 წლიდან, როდესაც დავით სერგეენკომ 2014 წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია შემოიღო. ახალი მეთოდოლოგიის შემოღების მიზეზად ჯანდაცვის მინისტრმა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 10-ლარიანი დანამატის შემოღება დაასახელა. ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული გაღარიბების ფონზე მთავრობამ ბავშვის 10-ლარიანი დანამატი ვეღარ შემოიღო. ახალი მეთოდოლოგიით ათიათასობით ოჯახის საარსებო შემწეობის გარეშე დატოვება კი გააგრძელა", - აცხადებენ პარტიაში და აღნიშნავენ, რომ 2014 წლის იანვართან შედარებით, მთავრობა თვეში 4 მლნ ლარით ნაკლებს ხარჯავს გაჭირვებულ ადამიანებზე მაშინ, როდესაც თვეში 30 მლნ ლარით არის გაზრდილი ბიუროკრატიის ხელფასის, პრემიებისა და დანამატების ოდენობა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მთავრობის სპეციალური დადგენილებით, საარსებო შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დევით სერგეენკოს არასწორი მეთოდოლოგიის გამო უსახსროდ დარჩა", - განაცხადეს ენმ-ში. 

კომენტარები