აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი

ნოდარ ხადური AIIB-ის მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვედრებს მართავს

facebook.com/mofgeorgia

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის AIIB-ის დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მე-6 შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შეხვედრა დღეს კორეულ დელეგაციასთან გამართა.  ნოდარ ხადური კორეის რესპუბლიკის ფინანსთა და სტრატეგიის მინისტრის მოადგილეს ჩოი ჰინამს შეხვდა, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტს ხელი 28-29 ივნისს პეკინში მოეწერა. ბანკი მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და მისი კაპიტალი დაახლოებით $500 მილიარდი იქნება. ბანკის უმსხვილესი წილის, ანუ 30%-ის მფლობელი ჩინეთია. მეორე უმსხვილესი წილის მფლობელი კი ინდოეთია, Reuters-ის ცნობით, სავარაუდოდ, ინდოეთის წილი 10-15% იქნება. შემდეგ ადგილებზე რუსეთი და გერმანია იქნებიან. 

საერთაშორისო ანალიტიკოსების შეფასებით, AIIB მსოფლიო საფინანსო ბაზარზე ჩინეთის პოზიციების გამყარებასა და აზიაში ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ჯიმ იონგ კიმის თქმით, "განვითარებად ქვეყნებში არსებული ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს, რომლის დაფინანსებასაც ცალკე აღებული ვერცერთი საფინანსო ორგანიზაცია ვერ შეძლებს, ამიტომაც ახალი ორგანიზაცია ამ მიმართულებით აზიის რეგიონში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს".

ბანკის დამფუძნებლებს შორის არიან რეგიონის შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბანგლადეში, ბრუნეი დარუსალამი, კამბოჯა, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ისრაელი, იორდანია, ყაზახეთი, კორეა, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, მალაიზია, მალდივები, მონღოლეთი, მიანმარი, ნეპალი, ახალი ზელანდია, ომანი, პაკისტანი, ფილიპინები, ყატარი, რუსეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, შრილანკა, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, უზბეკეთი, ვიეტნამი. 

წევრები არიან ასევე: ავსტრია, ბრაზილია, დანია, ეგვიპტე, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო.

აღნიშნულ ბანკში გაწევრიანება საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსი მოიზიდოს. 

კომენტარები