ბობოყვათის რეზიდენცია

კრწანისის ტყე-პარკის სანაცვლოდ, საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია გადაეცა

საპატრიარქო

საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკის სანაცვლოდ, ბობოყვათის რეზიდენცია გადასცა. მთავრობის 21 სექტემბრის განკარგულების თანახმად, საპატრიარქოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ბობოყვათის რეზიდენცია - ქობულეთში, აბაშიძის ქუჩა №128-ში მდებარე 149 796 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული 18 შენობა-ნაგებობით და მოძრავი ქონებით. გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცა ბობოყვათის რეზიდენციის მიმდებარე სანაპირო ზოლი - ქობულეთში, აბაშიძის ქუჩა №128-ში მდებარე 11 810 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები 49 წლის ვადით.

სანაცვლოდ კი, სახელმწიფო საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ კრწანისის ტყე-პარკს დაიბრუნებს.

"ამ განკარგულების გამოცემიდან არა უგვიანეს 60 (სამოცი) დღის ვადაში, შპს „კრწანისის პარკის“ (ს/კ: №404470185) წილის 100%, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსასყიდლოდ, უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში (როგორც წილი, ასევე საწარმოს კაპიტალში რიცხული ქონება), ამ განკარგულების გამოცემის დღისთვის არსებული კაპიტალის უცვლელად, გადმოეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში" - ნათქვამია საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.

აღსანიშნავია, რომ ლარის დასტაბილურების მიზნით, საქართველოს მთავრობა ბობოყვათის რეზიდენციის გაყიდვას აპირებდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს ბობოყვათის რეზიდენცია თავდაცვის სამინისტროს გადასცა ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და სამხედროებისთვის დასასვენებელი სონატორიუმის მოსაწყობად.

კომენტარები