მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

კომიტეტმა მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

salon.com

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თამაზ მეჭიაურის ხელმძღვანელობით, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს 4:2-ის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ზურაბ ჯაფარიძემ (ახალი პოლიტიკური ცენტრი) და დავით ონოფრიშვილმა (თავისუფალი დემოკრატები).

დეპუტატ გოგა ხაჩიძის კანონპროექტის თანახმად, მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი), კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს. ცვლილების მიხედვით, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარება 100 ლარით უნდა დაჯარიმდეს, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით. 

კანონპროექტი უკვე სამმა კომიტეტმა განიხილა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მარიხუანის მოხმარების გამო სისხლის სამართლის კოდექსიდან პატიმრობის ამოღებას მხარი დაუჭირა. გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო პაკეტი ექვსმა დეპუტატმა ნაწილობრივ გაიზიარა და კანონპროექტში სისხლის სამართლის კოდექსით მოქმედი სხვა სანქციები - არასაპატიმრო სასჯელები, მათ შორის, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჯარიმა, დატოვეს.

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კი, გოგა ხაჩიძის ინიციატივას კენჭი ორჯერ უყარეს. განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც პირველი კენჭისყრისას მონაწილეთა უმრავლესობამ (ხუთი დეპუტატი) საკითხს მხარი დაუჭირა. დარბაზში მოწინააღმდეგე მხოლოდ სამი დეპუტატი იყო. ამის შემდეგ, დიმიტრი ხუნდაძემ შესვენება გამოაცხადა, ქართული ოცნების წევრი დეპუტატები სხდომაზე შეიყვანა და ხელახალი კენჭისყრა ჩაატარა. განმეორებითი კენჭისყრის დროს, ხუთი შვიდის წინააღმდეგ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები