თბილისის მერია

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

www.rustavi1.com

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა დატოვა. მერიაში ამბობენ, რომ სუდაძემ გადაწყვეტილება თავად მიიღო. 

„ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ქალაქში არის მნიშვნელოვანი გამოწვევები, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული კუთხით. ჩვენ უფრო ეფექტურად უნდა განვავითაროთ თბილისი. შესაბამისად, იქნება ახალი ხელმძღვანელი და სწორედ მასთან ერთად მოხდება ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარება“, - განაცხადა თბილისის ვიცემერმა ლაშა აბაშიძემ.

საკრებულოში კი ოპოზიციამ მერიის კეთილმოწყობის სამსახური კორუფციასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა შესყიდვების დოკუმენტაცია გაასაჯაროვეს და დავით ნარმანიას რეაგირებისკენ მოუწოდეს. დოკუმენტის მიხედვით, მერიის კეთილმოწყობის სამსახური ხშირად გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით ხელშეკრულებებს უფორმებდა კომპანიებს, რომელთა მიმართაც სავარაუდოდ პირადი ინტერესი ამოძრავებდა. 

ავთანდილ სუდაძე მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას 2014 წლის აგვისტოდან იკავებდა. მანამდე ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო.

კომენტარები