კომუნალური ვაუჩერი

ჯაბა სამუშია: კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისელი მიიღებს

ჯაბა სამუშია
საკრებულო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ნაციონალური მოძარობის წევრებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისელი მიიღებს. დეპუტატმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე კომუნალური ვაუჩერის გაცემის ახალი წესისა და საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივის თაობაზე ისაუბრა.

"გუშინ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე კომუნალური ვაუჩერის გაცემის ახალი წესი წარმოადგინა, რომლის თანახმად, ვაუჩერს ყველა თბილისელი უკლებლივ მიიღებს.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობა საკუთარი სურვილით უარს ამბობს კომუნალური ვაუჩერის მიღებაზე, რითაც სოციალური სოლიდარობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

დეპუტატმა დღესვე იმ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, ოჯახებს, რომლებსაც ფინანსური მდგომარეობის გამო არ ესაჭიროებათ კომუნალური ვაუჩერი, შეუძლიათ უარი თქვან მათ მიღებაზე.

"მივმართავთ თბილისის მთავრობას, ტექნიკურად უზრუნველყოს ვაუჩერზე სხვა ოჯახის სასარგებლოდ უარის თქმის შესაძლებლობაც, რადგან ვფიქრობ, თბილისში მცხოვრები არაერთი ოჯახი მოგვბაძავს. თითოეული მათგანის მხრიდან ეს იქნება სოლიდარობის გამოხატვა საზოგადოების სოციალურად შეჭირვებული ადამიანების მიმართ", - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

სამუშიას ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ თბილისელებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-ზე ნაკლებია, 2015 წელს გაორმაგებული სუბსიდიის გარდა, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებით გამოწვეული სხვაობაც აუნაზღაურდებათ.

კომენტარები