თურქეთი-ISIS

ისრაელი თურქეთს ISIS-ისგან ნავთობის ყიდვაში ადანაშაულებს

Reuters

ისრაელის თავდაცვის მინისტრი მოშე იალონი თურქეთს ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან ნავთობის ყიდვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ტერორისტული დაჯგუფება სწორედ თურქეთისგან მიღებული თანხით აფინანსებს საკუთარი ქმედებების დიდ ნაწილს. ამის შესახებ BBC წერს.

"თურქეთის მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, სურთ თუ არა, იყოს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის მიზნით ნებისმიერი სახის თანამშრომლობის ნაწილი. როგორც ცნობილია, ე.წ. ისლამური სახელმწიფო დიდი ხანია თურქეთიდან ნავთობის სანაცვლოდ მიღებული ფულით სარგებლობს. ვიმედოვნებ, ეს მალე დასრულდება", - თქვა განაცხადა იალონმა.

იალონის თქმით, ანკარამ ტერორისტებს თურქეთის გავლით ევროპიდან სირიასა და ერაყში და პირიქით გადაადგილების უფლება მისცა.

თურქეთის მთავრობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოსთან თანამშრომლობას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა 2010 წელს დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორისკენ მიმავალ თურქულ გემზე ისრაელმა სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც 10 თურქი აქტივისტი დაიღუპა.

კომენტარები