პროტესტი გერმანიაში

გერმანულ პოლიციას რუსი გოგონას გაუპატიურების დაფარვაში ადანაშაულებენ

Reuters

ბერლინში 13 წლის რუსულენოვანი გოგონას გაუპატიურება გააპროტესტეს. დემონსტრანტები ფიქრობენ, რომ დანაშაული თავშესაფრის მთხოვნელმა მიგრანტებმა ჩაიდინეს. ამის შესახებ BBC წერს.

ბერლინის ქუჩაში ათასობით რუსულენოვანი ადამიანი გამოვიდა, ისინი ფიქრობენ, რომ გერმანული პოლიცია სიმართლეს მალავს. "ჩვენი შვილები საფრთხეში არიან", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციები გასულ შაბათს კანცელარიასთან და თავშესაფრის მთხოვნელთა სახლებთანაც გაიმართა.

დემონსტრანტების პროტესტი რუსული ტელეკომპანია პირველი არხის სიუჟეტს უკავშირდება, სადაც მოთხრობილი იყო, რომ 13 წლის გოგონა რუსი ემიგრანტების ოჯახიდან სკოლისკენ მიმავალ გზაზე გაიტაცეს და შემდეგ გააუპატიურეს. დამნაშავედ კი თავშესაფრის მთხოვნელები იყვნენ დასახელებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტელეკომპანია რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ გამავრცელებლად მოიაზრება.

გერმანიის პოლიციის მტკიცებით კი, დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ გოგონა არც გატაცებული იყო და არც გაუპატიურებული. პოლიციის განცხადებით, სექსუალური კონტაქტი არ იყო იძულებითი.

გოგონა დაკარგულად გამოცხადების შემდეგ, მეორე დღეს გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტებს აქციის ორგანიზებაში ნაციონალური დემოკრატიული პარტია და ანტიისლამური ე.წ. Pegida-ს ბერლინური განშტოებაც ეხმარებოდნენ.

2015 წელს გერმანიამ 1.1 მილიონი ლტოლვილი და მიგრანტი მიიღო.

კომენტარები