ბიძინა კუჭავას საქმე

კუჭავას ოჯახის ადვოკატი: პოპოვს ბრალი უნდა წარუდგინონ

რუსთავი 2

ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატის ნათია კორკოტაძის განცხადებით, ბიძინა კუჭავას თავი არ მოუკლავს. ადვოკატის თქმით, საქმის მთავარი მოწმე დავით პოპოვი პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს.

"არ არის გამორიცხული, რომ "ოქროს მოწმე" პოპოვი იყოს იმიტომ, რომ მან სავარაუდოდ იცის ყველა დეტალი და საქმის კურსშია. მე ველოდები, რომ პოპოვს წაუყენებენ ბრალს", - აღნიშნა კორკოტაძემ.

დავით პოპოვის დაკავებას მოითხოვს გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას მეუღლეც.

"მიკვირს, რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა ამ პიროვნების მიმართ. მიკვირს ის, რომ გარეთ არის და არ არის სათანადო ღონისძიებები ჩატარებული ამ ადამიანის მიმართ. ვფიქრობ, რომ ის უნდა დააკავონ, რადგან რომელ ვერსიასაც არ უნდა გავყვეთ, ეს ადამიანი მთავარი რგოლია. ან მონაწილეა, ან დაფარვაშია მონაწილე, ან სერიოზული მოწმეა", - აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე მარინა ნიკოლოზაშვილი.

ბრალდებებს უარყოფს და აბსურდულს უწოდებს თავად დავით პოპოვი. მისი თქმით, კუჭავას თვითმკვლელობისა და ქირიას მკვლელობის შესახებ სხვა ინფორმაცია არ აქვს.

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქმის დეტალებზე არ საუბრობს. მისი თქმით, მასალებზე წვდომა როგორც კუჭავას, ასევე ქირიას ოჯახის წევრებსაც ექნებათ.

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხმის დამფუძნებელი ბიძინა კუჭავა გამოაცხადა. შსს-ს ვერსიით, კუჭავამ, მას შემდეგ, რაც პოლიცია დაედევნა, თავი მოიკლა. გამოძიების ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ქირიას ცხედარი იპოვეს, ბიძინა კუჭავამ დაიქირავა. ქირიას ცხედარს კი დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა.

კომენტარები