ბიძინა კუჭავას საქმე

ბიძინა კუჭავას კუთვნილ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულ მამუკა კუჭავას კუთვნილ ავტომანქანაში სამართალდამცავებმა მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. ჩხრეკა გუშინ, 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და კუჭავას მეუღლე და ოჯახის ადვოკატიც ესწრებოდნენ.

ადვოკატ ნათია კორკოტაძის განცხადებით, მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით მანქანის უკანა სავარძლის ქვეშ იპოვეს. ადვოკატს კითხვები აქვს გამოძიებასთან, რადგან, მისი თქმით, ავტომობილი ღია მდგომარეობაში ორი დღის მანძილზე იდგა ცაგარელის ქუჩაზე, მოხდა წინასწარი დათვალიერებაც და მაშინ იარაღი ვერ აღმოაჩინეს.

„ბიძინა კუჭავა სახლიდან გავიდა 2016 წლის 16 იანვარს, საღამოს ათ საათზე. მისი მანქანა ნაპოვნი იქნა მეორე დილით, 17 იანვარს, ცაგარელის ქუჩაზე. გასაღები არ არის ნაპოვნი. მანქანა ორი დღის განმავლობაში ცაგარელის ქუჩაზე იდგა ღია მდგომარეობაში, გახსნილ მდგომარეობაში. მანქანა დათვალიერებულ იქნა, დალუქულ იქნა და მერე გადმოყვანილი, დღეს კი დამატებითი დათვალიერების შემდეგ, აღმოჩნდა იარაღი. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი, გავარკვევთ ვისია ეს იარაღი, ვის ეკუთვნის, არის თუ არა მისი კუთვნილი“ - აცხადებს ადვოკატი.

კუჭავას თვითმკვლელობას გამორიცხავს მეუღლე.  მარინა ნიკოლოზაშვილი ამბობს, რომ „ეჭვები ისევ დარჩა და უამრავი კითხვა დაემატა“.

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხმის დამფუძნებელი ბიძინა კუჭავა გამოაცხადა. შსს-ს ვერსიით, კუჭავამ, მას შემდეგ, რაც პოლიცია დაედევნა, თავი მოიკლა. გამოძიების ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ქირიას ცხედარი იპოვეს, ბიძინა კუჭავამ დაიქირავა. ქირიას ცხედარს კი დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა.

კომენტარები