რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა

ნაკაიძე: რელიგიურ გრძნობებზე კანონპროექტი შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას

ტაბულა

ქართველ მუსლიმთა კავშირის შეფასებით, სოსო ჯაჭვლიანის ინიცირებული კანონპროექტის კანონად ქცევა შეზღუდავს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას. რელიგიური ორგანიზაცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა და რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვა ჯარიმით დაისჯება.

"ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ რელიგიის თავისუფლების დაცვას, რაც ამავდროულად გულისხმობს როგორც გამოხატვის თავისუფლების, ასევე რელიგიის თავისუფლების დაცვას, იმგვარად, რომ ერთი მეორესთან არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში. ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, სიძულვილის გამოხატვას; ჩვენ ვგმობთ დაპირისპირებასა და განხეთქილების ჩამოგდების მცდელობებს სხვადასხვა იდენტობის ჯგუფებსა და ადამიანებს შორის, მით უფრო, რომ წლების განმავლობაში, ხშირად გავმხდარვართ შეუწყნარებელი და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი. მაშინ, როდესაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვან შრეზეა პრობლემა, როდესაც დაუსჯელია დისკრიმინაციის, რელიგიის ნიადაგზე დევნის, რიტუალების აღსრულებისთვის ხელის შეშლის (ნიგვზიანი, წინწყარო, ქობულეთი და სხვა) მრავალი შემთხვევა და როდესაც ამ ტიპის დანაშაულზე რეაგირების კუთხით სახელმწიფო მეტად პასიურ პოზიციას იკავებს, ხსენებული კანონპროექტი ჩვენში არაერთ შეკითხვას ბადებს. ამრიგად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევა შეზღუდავს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას და უფრო მეტიც, საშიშია არ იქცეს იმ უმრავლესობის მთავარ ბერკეტად, რომლებიც ხშირად გვევლინებიან უფლებების უხეშ დამრღვევებად", - აცხადებს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გუშინ პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" დასჯადი ხდება. კომიტეტზე განხილვისას, კანონპროექტში შესწორებები შევიდა და შემდეგი ფორმულირება მიიღო - "პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს".

კანონპროექტის ავტორია დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე.

კომენტარები