თბილისის მედიათეკების გაერთიანება

მერია: მედიათეკების გაერთიანებაში მონიტორინგის შედეგად, ხარვეზები გამოვლინდა

თბილისის მერიის განცხადებით, თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში მონიტორინგის შედეგად, ხარვეზები გამოვლინდა. დედაქალაქის მთავრობის მტკიცებით, საკადრო და ადმინისტრაციული რესურსები არასწორად ნაწილდებოდა, ბიუჯეტი არარაციონალურად იხარჯებოდა და მედიათეკების გაერთიანებას ალტერნატიული ფინანსური წყაროები არ ჰქონდა. თბილისის მერიის განცხადებით, ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა და საკადრო რესურსების არაოპტიმალური განაწილება არამიზნობრივად მიიჩნიეს და ამის გამო, დირექტორი მარინე ჭოღოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"ა(ა)იპ "თბილისის მედიათეკების გაერთიანების" საქმიანობის ეფექტურობის შემოწმების მიზნით, მონიტორინგი როგორც თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ, ასევე, USAID-ის პროგრამის - საქართველოში კარგი მმართველობის ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა. მონიტორინგის შედეგად, "თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში" გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო და ადმინისტრაციული რესურსების არასწორი გადანაწილება, ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა, და "მედიათეკების გაერთიანებაში" ალტერნატიული ფინანსური წყაროების არარსებობა დასახელდა. ასევე, მიუხედავად ამისთვის გამოყოფილი რესურსებისა, მენეჯმენტმა არ იზრუნა სამგორის მედიათეკის სათანადო განვითარებაზე.

მოგეხსენებათ, რომ ა(ა)იპ "თბილისის მედიათეკების გაერთიანება" მესამე წელია ფუნქციონირებს და მისი წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით 700 000 ლარია, თუმცა დაარსებიდან დღემდე აღნიშნულმა ა(ა)იპ-მა ვერ შეძლო გამართული ფუნქციონირებისათვის დამატებითი ფინანსური წყაროების მოზიდვა. შესაბამისად, "თბილისის მედიათეკების გაერთიანების" ფუნქციონირებისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მოცულობითი თანხების გამოყოფა, იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული ა(ა)იპ-ი ვერ ვითარდება, მეტიც, ხდება ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა და საკადრო რესურსების არაოპტიმალური განაწილება, არამიზნობრივად მიგვაჩნია.

თბილისის მედიათეკების გაერთიანება მერიის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც გააჩნია რესურსი იყოს უფრო მეტად საინტერესო, საკუთარი შინაარსიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე კი მომხმარებელს მუდმივად ახალი, მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისები შესთავაზოს", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მედიათეკების გაერთიანების დირექტორი მაკო ჭოღოშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს. ჭოღოშვილის თქმით, თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა უთხრა, რომ დაკავებული თანამდებობიდან არაეფექტური მენეჯერობის მოტივით ათავისუფლებდნენ. თავად მაკო ჭოღოშვილი გათავისუფლების სავარაუდო მიზეზად წინა მთავრობის დროს კულტურის მინისტრის მოადგილედ მუშაობას ასახელებს.

კომენტარები