თბილისის მედიათეკების გაერთიანება

თბილისის მედიათეკების გაერთიანების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

რუსთავი 2

თბილისის მედიათეკების გაერთიანების დირექტორი მაკო ჭოღოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჭოღოშვილის თქმით, თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა უთხრა, რომ დაკავებული თანამდებობიდან არაეფექტური მენეჯერობის მოტივით ათავისუფლებდნენ. თავად მაკო ჭოღოშვილი გათავისუფლების სავარაუდო მიზეზად წინა მთავრობის დროს კულტურის მინისტრის მოადგილედ მუშაობას ასახელებს.

"ხატისკაცმა ბრძანა, რომ ეს არის არაეფექტური მენეჯერობის მიზეზი, ანუ მე ვარ არაეფექტური მენეჯერი. ასევე, გუშინ ირაკლი ლექვინაძემ ბრძანა, რომ მერიასთან ნაკლები კომუნიკაცია მაქვს და მერიისთვის პრიორიტეტულ პროექტებს არ ვახორციელებდი. ფაქტია, რომ ეს მიზეზი არ არის მიზეზი და არც არგუმენტირებულია. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ მიზეზი არის სხვა. მე მერიასთან, კულტურის სამსახურთან მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა. ალბათ, ჩემი გათავისუფლება გამოიწვია იმან, რომ წინა ხელისუფლების დროს ვმუშაობდი თანამდებობაზე. სავარაუდოდ, მიზეზი არის ეს", - თქვა ჭოღოშვილმა.

თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ მაკო ჭოღოშვილის მუშაობა არაეფექტური იყო. მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის თქმით, ჭოღოშვილს მედიათეკების გაერთიანებაში ნათესავები ჰყავდა დასაქმებული. ნინა ხატისკაცის განცხადებით, მედიათეკების გაერთიანების ხელმძღვანელად ავთო ნიკოლაშვილი დაინიშნება.

"გამოიკვეთა რამდენიმე ტიპის მენეჯერული პრობლემა, რომელიც მე მიმაჩნია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია. კარგი მენეჯმენტის პირობებში, შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტად ეფექტური გახდეს მართვა, ამის სივრცე არსებობს და მე შემიძლია, ჩამოგითვალოთ, კონკრეტულად რა არის ეს პრობლემები - პირველ რიგში, ეს არის არამიზნობრივი, არარაციონალური გამოყენება საკადრო და ადმინისტრაციული რესურსების. მაკომ აღნიშნა, რომ ის თავს გრძნობს ოჯახში და როგორც საკუთარი სახლი, ისეა მისთვის მედიათეკა. ჩვენ სწორედ ეს მოგვეჩვენა, რომ ის ზედმეტად ოჯახში გრძნობდა თავს და ზედმეტად მორგებული ჰქონდა ის ბიუჯეტიც, ის რესურსებიც... საკადრო რესურსების უმრავლესობა - მისი კლასელები, დეიდაშვილები, ბიძაშვილები არიან და, პრაქტიკულად, არის 15-20 ადამიანი, რომელიც მისი წრეა თავიდან ბოლომდე", - ამბობს ხატისკაცი.

კომენტარები