მაგდა პაპიძის საქმე

პროკურატურა: პაპიძემ ქმარ-შვილის მკვლელობის გეგმა დღიურში ჩაწერა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

მთავარი პროკურატურა მაგდა პაპიძის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს აქვეყნებს. საგამოძიებო უწყების განცხადებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დგინდება, რომ "მაგდა პაპიძემ ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლისა და შვილის განზრახ მკვლელობა".

მთავარი პროკურატურა აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც გამოძიების მტკიცებით, მკვლელობის ადგილს - სისხლის კვალის წაშლის მიზნით გაწმენდილ იატაკს და ავეჯს ასახავს. პროკურატურა აღნიშნავს, რომ სისხლის ლაქების აღმოსაჩენად გამოძიებამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც იატაკზე, ოთახში არსებულ კარადაზე, მაგიდაზე, ტუმბოზე, საწოლზე, დივანზე და ოთახის კედლებზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლის მრავალი კვალი. გარდა ამისა, პროკურატურის მტკიცებით, აღმოაჩინეს მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერი.

"დღიურში მაგდა პაპიძეს გაკეთებული აქვს შემდეგი სახის ჩანაწერი: „ურო (ნაჭრით გახვეული), პარკები დიდი გახსნილი, გამზადებული, პროსტინა გამზად, პირსახ. გამზად, წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი, ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ. ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი დიდი პარკები". ჩანაწერის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მაგდა პაპიძეს წინასწარ ჰქონდა განზრახული მეუღლისა და შვილის მკვლელობა, გეგმავდა, თუ როგორ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული და წაეშალა დანაშაულის კვალი", - აცხადებს პროკურატურა.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ის ფაქტი, რომ მაგდა პაპიძემ მეუღლე მათსავე საცხოვრებელ ოთახში მოკლა, ასევე დადასტურებულია ომარ ქაფიაშვილის დედის დარეჯან (ლილი) მინდიკაურის ჩვენებით.

"მან განმარტა, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს, საღამოს, როდესაც შევიდა შვილის ოთახში, ომარ ქაფიაშვილს ეღვიძა და იწვა დივანზე. აღნიშნული ოთახის დათვალიერებისას, მითითებული დივანის ქვედა სათავსოდან და მისი ზედაპირიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ომარ ქაფიაშვილის სისხლის ლაქები. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ მკვლელობის დღეს, გვიან ღამით, როდესაც დედამთილმა დარეჯან (ლილი) მინდიკაურმა მობილური ტელეფონის საშუალებით მაგდა პაპიძესთან მოიკითხა შვილი და შვილიშვილი, ბრალდებულმა მას განუცხადა, რომ ისინი უკვე მოდიოდნენ სახლში, არ ენერვიულა და დაეძინა. სატელეფონო კავშირის დროისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი მამა-შვილის სიკვდილის დროის შედარებისას აშკარაა, რომ მაგდა პაპიძეს მეუღლე და შვილი ამ დროს უკვე მოკლული ჰყავდა. მაგდა პაპიძის დის - ლანა პაპიძის ჩვენებით დადგენილია, რომ მაგდა პაპიძეს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და ბოლო პერიოდში უკიდურესად აგრესიულად იყო განწყობილი მეუღლის - ომარ ქაფიაშვილის მიმართ. მისივე ჩვენებით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მაგდამ სთხოვა ჩაქუჩი. მაგდა პაპიძის დედის - ლიანა შამუგიას ჩვენებით, მათი სიძე - ომარ ქაფიაშვილი იყო მოსიყვარულე მამა და მეუღლე, მოკრძალებული, მშვიდი, გაწონასწორებული და რელიგიური ადამიანი, ხოლო თავად მაგდა ბოლო პერიოდში ნეგატიურად იყო განწყობილი მეუღლის მიმართ", - აცხადებს პროკურატურა.

ამდენად, შემთხვევის ადგილის - მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის საცხოვრებელი ოთახის დათვალიერებით, სადაც აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის დიდი რაოდენობით სისხლის კვალი; ამოღებული ნივთმტკიცებებით: ურო, რომელზეც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩენილია მხოლოდ მაგდა პაპიძის დნმ-ის კვალი; გარდაცვლილის სისხლით დასვრილი სხვადასხვა საოჯახო ნივთები, ზეწრები, სისხლიანი ნაჭრები და ბალიში; სამეურნეო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება მაგდა პაპიძე შვილთან ერთად და ხელში უჭირავს ურო; სამეურნეო მაღაზიის თანამშრომლის დაკითხვისა და ამოცნობის ოქმებით, რა დროსაც მაგდა პაპიძე ამოიცნო როგორც პირი, რომელმაც ურო შეიძინა; მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერით, საიდანაც დასტურდება მეუღლისა და შვილის მკვლელობის განზრახვა; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რითაც დადგენილია ომარ და თორნიკე ქაფიაშვილის სიკვდილის დრო და მიზეზი; მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაცის ჩვენებით, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა პაპიძის განწყობებთან დაკავშირებით, ომარ ქაფიაშვილის დედის - დარეჯან(ლილი) მინდიკაურის, მისი მეზობლების ირინა და ალა მარქაროვების ჩვენებებით, მობილური სატელეფონო კავშირის შესახებ ამოღებული ინფორმაციით და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით (გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საჯაროვდება მტკიცებულებათა ნაწილი), დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დგინდება, რომ მაგდა პაპიძემ ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლისა და შვილის განზრახ მკვლელობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება და საბოლოო შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მაგდა პაპიძე მეუღლისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. ბრალდების თანახმად, პაპიძემ, თავის არეში უროს ჩარტყმით, მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი, რის შემდეგაც შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ "ომარ ქაფიაშვილის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა, ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობითა და ქალას ღრუში სისხლჩაქცევით. გვამს ზურგზე აღენიშნებოდა თრევის შედეგად განვითარებული ნაჭდევები". რაც შეეხება 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილს, მისი სიკვდილის მიზეზია "ასფიქსია, რომელიც გამოწვეულია ცხვირ-პირის შესავლების გადაკეტვით", ანუ გაგუდვით. პროკურატურის განცხადებით, მაგდა პაპიძისათვის ჩატარებული ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იგი იყო შერაცხადი და არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში.

პროკურატურის განცხადებითვე, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ომარ ქაფიაშვილისა და თორნიკე ქაფიაშვილის გვამები სადარბაზოსთან დახვდათ. მათ ზამთრის სეზონისთვის შეუფერებლად ეცვათ. ასევე, ომარ ქაფიაშვილის გვამს ზურგზე აღენიშნებოდა სხეულის იატაკზე გათრევისათვის დამახასიათებელი კვალი. გამოძიების მტკიცებით, საცხოვრებელი ოთახის გარდა, სისხლის კვალი აღმოჩნდა ამავე ოთახიდან დერეფანში გასასვლელი კარის ჩარჩოზე და დერეფანში ქაფიაშვილის გვამის აღმოჩენის ადგილამდე, "რაც მოწმობს იმას, რომ გვამის აღმოჩენის ადგილამდე ომარ ქაფიაშვილის სხეული გადაადგილებულია ოთახიდან და არა დერეფნიდან, როგორც ამას მაგდა პაპიძე უთითებს". პროკურატურის განცხადებით, "ომარ ქაფიაშვილის სისხლი ასევე აღმოჩნდა მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა მარჯვენა საბურავზე და წინა მარჯვენა კარის კარნიზზე, რაც თავის მხრივ მოწმობს, რომ ბრალდებული ეცადა გვამის ავტომანქანაში ჩადებას, თუმცა ვერ შეძლო. სწორედ ამ გამოუვალი მდგომარეობის გამო დაიწყო მაგდა პაპიძემ ყვირილი და თითქოსდა „საშველად" მოუხმო მეზობლებსა და დედამთილს". 

მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები