Amnesty International-ის ანგარიში

AI: საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა და შერჩევითი სამართალი კვლავ არსებობს

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ორგანიზაცია კვლავ ხაზს უსვამს, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა და შერჩევითი სამართალი შეშფოთების საგანია.

"წუხილები საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნისა და შერჩევითი სამართლის პრაქტიკასთან დაკავშირებით კვლავ არსებობს. 2015 წლის 17 სექტემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გათავისუფლდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელსაც ბრალად საჯარო თანხების გაფლანგვა და ფულის გათეთრება ედებოდა. მისი დაკავება 2013 წლიდან უკანონოდ ითვლებოდა, რადგან წინასწარ პატიმრობაში ადამიანის გაჩერება მაქსიმუმ 9 თვით შეიძლება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ამ გადაწყვეტილებამ და თავად მოსამართლეებმა, მთავრობის წევრების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურეს. ზოგიერთი პროსამთავრობო ჯგუფის მხრიდან კი იყო ძალადობრივი მუქარებიც. 18 სექტემბერს გიგი უგულავას 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და იმავე დღეს დააკავეს", - წერია ანგარიშში.

სასამართლო სისტემის ქვეთავში Amnesty International-ი ლევან მურუსიძეზეც საუბრობს.

"მოლოდინის საპირისპიროდ, მოსამართლე, რომელმაც 2006 წლის კონტროვერსიალური მკვლელობის საქმე განიხილა, 25 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახლიდან აირჩია მოსამართლედ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე, 2011 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, "სახელმწიფოს სხვადასხვა შტოები ... მოქმედებდნენ შეთანხმებულად, იმისათვის, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო", - წერია დოკუმენტში.

კომენტარები