Amnesty International-ის ანგარიში

AI: გამოხატვის თავისუფლების კუთხით რუსთავი 2-ის საქმე შემაშფოთებელია

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშში საუბარია საქართველოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც. 2015 წლის მიმოხილვისას, ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეზე.

"გამოხატვის თავისუფლების შესახებ შეშფოთებებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები გამოთქვამდნენ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ რუსთავი 2-ის საქმის უკან ხელისუფლება იდგა, რომელიც ცდილობდა, ოპოზიციისთვის მთავარი აზრის გამოხატვის საშუალება ჩამოერთვა. გასული წლის 21 ოქტომბერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ამბობდა, რომ შანტაჟის მსხვერპლი იყო. მისი მტკიცებით, უსაფრთხოების სამსახურები ემუქრებოდნენ ინტიმური კადრების გავრცელებით იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობას არ დატოვებდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მფლობელის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი და 5 ნოემბერს რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა იძულებით შეცვალა პროსამთავრობო პირებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს საპირისპიროდ, რომელსაც სარჩელის განხილვა დაწყებული არ ჰქონდა",- წერია ანგარიშში.

რაც შეეხება შეკრების თავისუფლებას, ანგარიშში წერია, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისებს ესხმოდნენ თავს, პოლიციამ კი აღნიშნული შემთხვევების პრევენცია ვერ შეძლო.

"რამდენიმე შემთხვევაში პოლიციამ უკანონოდ შეზღუდა ან ხელი შეუშალა მშვიდობიან შეკრებებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათ ვერ შეძლეს, თავიდან აეცილებინათ პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმები. გასული წლის 15 მარტს მმართველი კოალიციის, ქართული ოცნების 50-მდე მხარდამჭერი ძალის გამოყენებით შეცვივდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისებში. ისინი შეიარაღებული იყვნენ ხის ჯოხებით, ქვებით და ფანჯრებს ლეწავდნენ. თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი, რომელიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა", - წერია დოკუმენტში.

კომენტარები