2016 წელი ტურისტული ნაკადის ზრდით დაიწყო, იანვარში არსებული 4.6%-იანი ზრდის შემდეგ თებერვალში ტურისტული ნაკადი 19%-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის თებერვალში საქართველოს საზღვარი სულ 360 ათასმა უცხოეთის მოქალაქემ გადაკვეთა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 23%-ით აღემატება. საქართველოში 24 საათზე მეტი კი 120 ათასმა ადამიანმა დაჰყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ტურისტად სწორედ ის პირები შეიძლება ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში ერთ დღეზე მეტ ხანს იმყოფებოდა და საქართველოს მომსახურების სექტორით ისარგებლა.
ქვეყნების მიხედვით კი თებერვალში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ასე გამოიყურება:
- აზერბაიჯანი - 113 ათასი ვიზიტორი
- თურქეთი - 91 ათასი ვიზიტორი
- სომხეთი - 75 ათასი ვიზიტორი
- რუსეთი - 43 ათასი ვიზიტორი
თებერვლის თვეში ტურიზმი გასული წლების მანძილზე საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩეოდა, გასული წლის თებერვალში კი ზრდის ტენდენცია 3%-იანმა კლებამ შეცვალა. 2016 წელს კი ისევ ზრდის ტენდენცია გაგრძელდა.