ნადეჟდა სავჩენკოს საქმე

რუსეთის საელჩოსთან ნადია სავჩენკოს გამოსახულებით ასი ფრანი გაუშვეს

თბილისში, რუსეთის საელჩოსთან უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ცაში ფრანებს უშვებენ, რომელზეც სავჩენკოა გამოსახული. 

აქციის ორგანიზატორია პლატფორმა დაიცავი თავისუფლება, რომლის წევრი ტელეკომპანია ტაბულაცაა. ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლიშვილის განცხადებით, სავჩენკოს თავისუფლების დაცვა თავისუფალი სამყაროს ღირსების საქმეა. მისივე თქმით, პუტინს შერჩა გიორგი ანწუხელიძე და ჯერჯერობით, ნახევარი მილიონი დევნილი, თუმცა, არ უნდა შერჩეს სავჩენკო.


ფოტო: ტაბულა

"ნადია სავჩენკოს თავისუფლების დაცვა არის თავისუფალი სამყაროს ღირსების საქმე, ჩვენ თავისუფალი ადამიანები მოვედით თავისუფლების დასაცავად, ნადია სავჩენკოს - თანამედროვე გმირის თავისუფლების დასაცავად, აქ მთავარი პრობლემა, რაც ნადია სავჩენკოს შემთხვევაში, ისევე როგორც ზოგადად, უკრაინა-საქართველოს შემთხვევაში, გამოიკვეთა, არის ის, რომ დასავლეთი არ იღებს საკმარის ზომებს პუტინის შესაჩერებლად. დღემდე დასავლურ პრესაში საკმარისი სტატიებიც კი არ დაბეჭდილა სავჩენკოს შესახებ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გლობალური აქცია გამოაფხიზლებს საერთაშორისო საზოგადოებას და უფრო გადამწყვეტ ზომებს მიიღებენ. ვაპირებთ იმ წმინდა ასეულის პოატივსაცემად, რომელმაც მაიდანზე გაწირა თავი და სადაც ნადია სავჩენკოც იბრძოდა, ცაში გავუშვათ ასი ფრანი ნადია სავჩენკოს გამოსახულებით და ასე მოვითხოვოთ მისი თავისუფლება. მე მიმაჩნია, რომ სავჩენკო ბევრად თავისუფალია, მიუხედვაად იმ ხელოვნური ბარიერებისა, რასაც პუტინი უქმნის. პუტინს შერჩა ანწუხელიძე, შერჩა ჯერჯერობით, ნახევარი მილიონი დევნილი, რომელიც ჩვენ გვყავს. პუტინს არ უნდა შერჩეს სავჩენკო იმიტომ, რომ ეს იქნება დასაწყისი, ყველა იმ ადამიანის სახლში დაბრუნების, რომელიც პუტინის ძალისხმევით ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში" - განაცხადა ტელეკომპანია ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

კომენტარები