ნადეჟდა სავჩენკოს საქმე

ადვოკატი: ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის პროცედურა დაიწყო

ნადეჟდა სავჩენკო
Reuters

ადვოკატ მარკ ფეიგინის ინფორმაციით, უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს კიევისთვის გადაცემის პროცედურა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რია ნოვოსტი ავრცელებს.

"მივიღე სავჩენკოს განცხადება, რომ ის თანახმაა, სასჯელი მოიხადოს უკრაინაში. ვფიქრობ, რომ დიახ, პროცედურა დაიწყო, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იქნება სწრაფი და შესაძლოა, 1-დან 2 თვემდე დაჭირდეს," - თქვა ფეიგინმა.

უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს რუსულმა სასამართლომ 22 წელი მიუსაჯა და ჯარიმის სახით 30 000 რუბლიც დააკისრა. სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. უკრაინელი მფრინავი ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის რუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ნადეჟდა სავჩენკოს სანაცვლოდ, ორი რუსი სამხედრო შესთავაზა. 

კომენტარები