ნადეჟდა სავჩენკოს საქმე

ვოლსკი: სავჩენკო აუცილებლად უნდა იქნეს მხარდაჭერილი

გია ვოლსკი
ტაბულა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებას მხარს უჭერს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებულ დეკლარაციას სავჩენკოს შესახებ.

"მე ყოველმხრივ მხარს ვუჭერ ასეთ პათოსს, მიდგომას. ვფიქრობ, ადამიანი სიკვდილის ზღვარზეა და მის მიმართ უსამართლობა ხდება. ადამიანი, რომელიც თავის პოზიციაზე მყარად დგას, დამოუკიდებელ უკრაინას განასახიერებს აუცილებლად უნდა იქნეს მხარდაჭერილი. საერთაშორისო ფორუმებზე, შეხვედრებზე თუ კომუნიკაციებზე ერთ-ერთი უნდა იყოს ეს თემაც", - თქვა ვოლსკიმ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით, დღეს თავისუფლების მოედანზე ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით დეკლარაცია წარმოადგინეს. პარტიის წევრები მოუწოდებენ პარლამენტარებს, მხარი დაუჭირონ დეკლარაციას, რომელსაც შემდგომ საერთაშორისო თანამეგობრობაში გაგზავნიან.

"ნადეჟდა სავჩენკო ერთმნიშვნელოვნად აღიარებულია პოლიტიკურ პატიმრად. ვინაიდან ნადეჟდა სავჩენკომ საკუთარ დასკვნით სიტყვაში გამოაცხადა შიმშილობა, მათ შორის, მშრალი შიმშილობა; ვინაიდან ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატის და უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებით, მთელს მსოფლიოში, ამა წლის 9 მარტს გაიმართება მისი მხარდამჭერი აქციები, საქართველოს პარლამენტის ფრაქციები და საპარლამენტო ჯგუფები, უცხადებენ ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას გმირ უკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს, მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას და მსოფლიო ლიდერებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთზე, რათა მათ გაათავისუფლონ უკანონო ტყვეობაში მყოფი ნადეჟდა სავჩენკო", - ნათქვამია დეკლარაციის ტექსტში.

კომენტარები