პირადი კადრები

ISFED: გავრცელებულ კადრებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება. Isfed-ის შეფასებით, საარჩევნო წელს კადრების გავრცელება არის შანტაჟის მცდელობა პოლიტიკოსებზე, პოლიტიკურ პარტიებსა თუ სხვა სუბიექტებზე. ორგანიზაცია მოუწოდებს მედიას, არ გაავრცელონ ფარული ჩანაწერები და პატივი სცენ ადამიანების პირად ცხოვრებას.

"ვფიქრობთ, რომ მსგავსი კადრების მიზანმიმართულად გავრცელება, განსაკუთრებით საარჩევნო წელს, არის შანტაჟის მცდელობა პოლიტიკოსებზე, პოლიტიკურ პარტიებსა თუ სხვა სუბიექტებზე. სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ მსგავსი ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, თუ როდის გაკეთდა ჩანაწერი.

მოქმედმა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ გაანადგურა ე.წ. ფარული ჩანაწერები. თუმცა გავრცელებული ვიდეო-კადრები საპირისპიროს ამტკიცებს. ხოლო, თუ აღნიშნული კადრები ამჟამინდელი ხელისუფლების დროს ჩაიწერა, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლება აგრძელებს ადამიანების პირადი ცხოვრებით მანიპულირებას მათზე შანტაჟის გზით გავლენის მოსახდენად.

დღეს გავრცელებულმა ჩანაწერებმა, ნათლად დაადასტურა ის ბრალდებები და ეჭვები, რომელსაც ფარული ჩანაწერების არსებობასთან დაკავშირებით გამოთქვამდნენ პოლიტიკოსები თუ სხვა პირები. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აიღოს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით", - აცხადებს სამართლიანი არჩევნები.

პროკურატურამ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 157-ე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

პროკურატურამ ტაბულას განუცხადა, რომ საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები