თსუ16

აუდიტორია 115-ის წევრების დიდი ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში შევიდა

ტაბულა

ტაბულას რეპორტიორის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე იმყოფება, აუდიტორია 115-ის იმ აქტივისტების დიდმა ნაწილმა, რომლებიც უნივერსიტეტის ეზოში იყვნენ შეკრებილი და შენობაში შეშვებას ითხოვდნენ, უნივერსიტეტის შენობაში შესვლა გვერდითა კარიდან მოახერხა.

ამ დრომდე მათ შენობაში შესვლის საშუალებას პოლიცია არ აძლევდა. სწორედ შენობაში არშეშვება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათ განათლების მინისტრთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

ტაბულას ინფორმაციით, აუდიტორია 115-ის სტუდენტების უარი ორმა ფაქტორმა გამოიწვია. მათ არ სურთ სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობა და, ამასთანავე, ისინი აყენებენ პირობას, რომ უნივერსიტეტის შენობის მიღმა დარჩენილი სტუდენტები, რომლებსაც შენობაში პოლიცია არ უშვებს, დაუყოვნებლივ შეუშვან შენობაში. პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი მზად არიან განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტების დასათანხმებლად უნივერსიტეტში განათლების მინისტრის მოადგილე გია შერვაშიძე იყო მისული. მან აუდიტორია 115-ის წევრებს შესთავაზა, რომ მათი წარმომადგენელი დასწრებოდა შეხვედრას, რომელშიც განათლების მინისტრი, აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრები, თსუ-ის რექტორი ვლადიმერ პაპავა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობენ, თუმცა უარი მიიღო.

კომენტარები