თსუ16

აუდიტორია 115-ის წევრებმა აქცია შეწყვიტეს და მე-6 კორპუსის შენობა დატოვეს

მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მე-6 კორპუსის შენობა დატოვეს და აქცია შეწყვიტეს. ეს გადაწყვეტილება სტუდენტებმა პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. თუმცა, სტუდენტების ნაწილი კვლავ რჩება უნივერისტეტის პირველი კორპუსის აუდიტორია N115-ში. 

აუდიტორია 115-ის წევრებმა შენობის დატოვებამდე პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე დაყენებული მოთხოვნების შესახებ ისაუბრეს.

„სტუდენტებმა დავაყენეთ ჩვენი ძირითადი მოთხოვნები: 
1. განათლების ძირეული რეფორმის საკითხი, რაც ეხება ფუნდამენტური მეცნიერებების წინ წამოწევას, გარე რეფერირების პრინიციპის დანარგვას, დაფინანსების გაზრდას და სხვა საკითხებს.
2. თვითმართველობის სტრუქტურის გაუქმებას და სტუდენტების წარმომადგენლობით საბჭოებში პირდაპირი წესით არჩევას. 
3. ოდეერების გამოვლენას და მათ მიერ უნივერსიტეტების დატოვებას. 
4. აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩევის წესის დემოკრატიზაციას საკანონმდებლო დონეზე.
პრემიერ მინისტრი ჩვენს ყველა მოთხოვნას დაეთანხმა და მზაობა გამოთქვა აუდიტორია #115-თან თანამშრომლობაზე. დაიდო პირობა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მთავრობა აქტიურად იმუშავებს აღნიშნულ საკითხებზე. პრემიერ მინისტრის მხრიდან იყო შემოთავაზება კონსტიტუციაში განსაზღვრულიყო მინიმალური ზღვარის შესახებ,რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტიდან გამოიყოფა განათლებისა და მეცნიერებისთვის.
საერთო გადაწყვეტილებით აუდიტორია #115 მე-6 კორპუსს დატოვებს მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრი გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“ - განაცხადეს სტუდენტებმა.

პრემიერმინისტრსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა უნივერსიტეტში დღეს გაიმართა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სტუდენტებს პროტესტის შეწყვეტა სთხოვა და მათთან გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწია. გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, „სტუდენტური თვითმმართვლობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს“.

 

კომენტარები