კანონი ოკუპაციის შესახებ

შესაძლოა, კანონში ოკუპაციის შესახებ გამონაკლისი დაუშვან

ტაბულა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გია ვოლსკის ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი და სამდივნო, სხვადასხვა დელეგაცია სვამენ საკითხს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ფორუმზე არცერთ დელეგაციას საქართველოში ჩამოსვლაში ხელი არ შეეშალოს. ვოლსკის თქმით, ფორუმი საქართველოში ივლისში იმართება, რომელსაც რუსული დელეგაციაც დაესწრება და, დიდი ალბათობით, რომელიმე წევრი ცხინვალსა თუ სოხუმში იქნება ნამყოფი. ამიტომაც ქართულ ოცნებაში კანონში ოკუპაციის შესახებ გარკვეული გამონაკლისის დაშვებას ფიქრობენ. ვოლსკიმ ამის შესახებ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ისაუბრა.

"საქართველოსთვის საგანგებო მნიშვნელობის ფორუმი ტარდება თბილისში 1-5 ივლისს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური ფორუმი. ამაზე დიდი ღონისძიება მე არ მაგონდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პოლიტიკური მნიშვნელობით. 57 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა. მათ შორის, რუსეთის დელეგაცია, რომელიც ახლახანს ამავე ფორმატში სტუმრობდა ვენას. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი მოკავშირე ქვეყნები, დელეგაციები, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნო, გენერალური მდივანი, სპეციალური დელეგაცია, რომელიც საქართველოში წინამოსამზადებელ პერიოდში ჩამოვიდა - ყველგან ისმება საკითხი, რომ არ შევუშალოთ ხელი არცერთ დელეგაციას საქართველოში ჩამოსვლასა და ამ მუშაობაში მონაწილეობაში. საერთაშორისო ფორუმია. რასაკვირველია, იგულისხმებიან რუსი დეპუტატებიც და დიდად სავარაუდოა, რომელიმე მათგანს დარღვეული ჰქონდეს კანონი ოკუპაციის შესახებ, ნამყოფი იყოს სოხუმსა ან ცხინვალში.

ვერ ვიტყვით, რომ რუსული მხარე ოკუპაციის კანონის გაუქმებას ითხოვს. ჩვენ გვქონდა ურთიერთობა ყველა დელეგაციასთან, მათ შორის რუსეთის, ასევე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, სამდივნოსთან. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ამ კანონში ჩამოყალიბდეს შემდეგი მიდგომა: რომ თუკი საქართველოს სახელმწიფოს, ან საერთაშორისო ინტერესებს განეკუთვნება დელეგაციის ჩამოსვლა, ან დელეგაციის რომელიმე წევრის, იყოს ისეთი ფორმატი, მექანიზმი, რომელიც დაუშვებს გამონაკლის შემთხვევას, თუკი ეს შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს, თუკი ეს არის საერთაშორისო ფორუმის მოთხოვნა", - თქვა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ კანონი ოკუპაციის შესახებ გაუქმდება. ამის შესახებ მან პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დასრულების შემდგომ გუშინ ისაუბრა.

კომენტარები