მოგების გადასახადის გაუქმება

თარიღი, თუ როდის გადავა საქართველო მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე, უცნობია

management-degree.net

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის თქმით, მოგების გადასახდის რეფორმასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო მზადაა, დამატებითი კონსულტაციები გამართოს ბიზნესის წარმომადგენლებთან. დღეს არსებული პროექტის მიხედვით, ახალ მოდელზე გადასვლა პირველი ივლისიდან უნდა მოხდეს, თუმცა ბიზნესასოციაციათა ნაწილი რეფორმის პირველი იანვრისთვის გადატანის მომხრეა. საქართველოს ბიზნესასოციაციამ რეფორმის 2017 წლის პირველი იანვრისთვის გადავადების მოთხოვნით დღეს პრემიერს მიმართა, ასოციაციაში ფიქრობენ, რომ რეფორმის ნაჩქარევად განხორციელება მრავალ გაუგებრობას გამოიწვევს. 

"ჩვენ გავეცანით ბიზნესის მხრიდან გავრცელებულ მიმართვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის განხორციელების გარდამავალ ეტაპზე ბიზნესს რაიმე სახის სირთულეები არ შეექმნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალვე კიდევ ერთხელ შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს და მათთან ერთად მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, მოგების გადასახადის საგადასახადო რეფორმის განხორციელების მთავარი მიზანი ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება, ბიზნესის განვითრებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენა და, შედეგად, ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა. ფინანსთა სამინისტრომ რეფორმასთან დაკავშირებით 10-ზე მეტ ბიზნესასოციაციასთან გამართა შეხვედრები. ბიზნესი დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით არსებობს.

კომენტარები