ტურიზმი

მარტში საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა

snow.ge

2016 წელი ტურისტული ნაკადის ზრდით დაიწყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა, მარტის თვეში კი ტურიზმის ზრდამ 24% შეადგინა. 2016 წლის მარტში საქართველოს საზღვარი სულ 450 ათასმა უცხოეთის მოქალაქემ გადაკვეთა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 16%-ით აღემატება. საქართველოში 24 საათზე მეტი კი 170 ათასმა ადამიანმა დაჰყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 24%-ით აღემატება. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ტურისტად სწორედ ის პირები შეიძლება ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში ერთ დღეზე მეტხანს იმყოფებოდა და საქართველოს მომსახურების სექტორით ისარგებლა. 

ქვეყნების მიხედვით კი მარტში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი - 131 ათასი ვიზიტორი
  2. თურქეთი - 102 ათასი ვიზიტორი
  3. სომხეთი - 95 ათასი ვიზიტორი
  4. რუსეთი - 57 ათასი ვიზიტორი

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აქამდე მარტში ამდენი ვიზიტორები არ დაფიქსირებულა. "რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, 2015 წელს შემოსავალმა უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგინა 1.9 მილიარდი დოლარი, რაც 148.8 მლნ აშშ დოლარით მეტია 2014 წელთან შედარებით. ამასთან, საერთაშორისო მოგზაურების უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა, 2016 წლის ორი თვის ჯამური მაჩვენებლით, შეადგინა 218,904 ათასი ლარი, ზრდამ კი 26.9 პროცენტი. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით 6.7 პროცენტს, ზრდა კი 16.2 პროცენტს შეადგენს", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

ქვეყნების მიხედვით კი ყველაზე მაღალი ზრდა ირანიდან დაფიქსირდა, საიდანაც მარტში ვიზიტორთა ნაკადი 12-ჯერ გაიზარდა - სულ მარტში 13.6 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, სავიზო რეგულაციების მოხსნამდე, თებერვალში კი სულ 1000 ირანელი ვიზიტორი იმყოფებოდა. 

კომენტარები