სასამართლო სისტემა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო: მოსამართლეთა შერჩევისას ვმოქმედებთ დამოუკიდებლად

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უარყოფითად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებებს, რომ "მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის დროს საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს „თვითნებურად", „არაობიექტურ გარემოებებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით". საბჭო ეხმიანება კოალიცია დამოუკიდებელი და თავისუფალი მართლმსაჯულებისთვის ახალ კამპანიას - სამართალი ითხოვს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მოქმედებენ დამოუკიდებლად და კანონიერი პროცედურების დაცვით.

"ვადასტურებთ, რომ სასამართლო ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე მთელი თავისი საქმიანობის გამო. ეს ანგარიშვალდებულება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობითაც მიიღწევა. საბჭო ასევე ადასტურებს, რომ კვალიფიციური, ავტორიტეტული, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების დამკვიდრება კვლავაც რჩება ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად; რომ ამ სფეროში კვლავ დიდია განვითარებისა და გაუმჯობესების აუცილებლობა; რომ სასამართლო რეფორმა არის განვითარებისა და გაუმჯობესებისაკენ მუდმივი სვლა და, მუდამ შევუწყობთ ხელს სისტემის სრულყოფის მიზნით ნებისმიერი გონივრული იდეისა თუ წინადადების ცხოვრებაში დანერგვას.

ამასთან, საბჭო უარყოფითად აფასებს კოალიციის მხრიდან საბჭოს მისამართით იმ ბრალდებების წამოყენებას, თითქოს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის დროს საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს „თვითნებურად“, „არაობიექტურ გარემოებებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ...ძალაუფლების მქონე სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების შესაბამისად, მათი ერთმანეთთან კულუარული გარიგებების გზით“, „გვერდს უვლის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კრიტერიუმების შემოწმებას“ და არ „უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს“.

მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს დამოუკიდებლად, თავისი კანონიერი უფლებამოსილების ფარგლებში, კანონიერი პროცედურების დაცვით და ხელმძღვანელობს სასამართლოს საჭიროებებით. ბრალდება თვითნებობისა თუ ხელისუფლების ჯგუფებთან კულუარული გარიგების თაობაზე, მხოლოდ ვარაუდებს, ან სასამართლოში არსებული პრობლემების არცოდნას ემყარება და მოკლებულია რეალურ საფუძველს" - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და აღნიშნავს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე წინა წლებში.

"ეს არა მარტო მოქმედი ხელისუფლების ნების დამსახურებაა, არამედ მოსამართლეთა დღევანდელი კორპუსისაც, რომელიც არ შეეგუება არც რაიმე ზეწოლას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის და არც მისი ავტორიტეტის შელახვას უსაფუძვლო თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული ბრალდებებით. Freedom House-ის ანგარიშიც მოწმობს, რომ საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი მკვეთრად არის გაუმჯობესებული. დემოკრატიის საერთო დონის ამაღლების ფონზე სასამართლოს გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის ხარისხი კვლავ მოიმატებს. ამ პროცესს კი მუდმივი ზრუნვა, ხელშეწყობა სჭირდება, და არა სისტემაში არსებული ნაკლოვანებების გამო რადიკალური, გაუაზრებელი მოთხოვნების დაყენება.

სწორედ ასეთად მივიჩნევთ კოალიციის მოთხოვნას, საბჭომ შეწყვიტოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი მანამ, სანამ საკანონმდებლო ორგანო შესაბამის რეგულაციებს არ მიიღებს. ფაქტობრივად, ეს არის მოთხოვნა, საბჭომ შეწყვიტოს თავისი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობების აღსრულება" - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ იზიარებენ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის გაუმჯობესების აუცილებლობას, მათ შორის, გადაწყვეტილების დასაბუთებისა, თუ მისი გასაჩივრების შესაძლებლობის დაშვების საკითხებში.

"მაგრამ ადეკვატური, ქმედითი რეგულაციების შემუშავება და ამოქმედება კარგად გააზრებას, დამუშავებას, კონკურსის პრინციპებთან მის ადაპტირებას, მოსალოდნელი სამართლებრივი თუ სხვა ხასიათის პრობლემების განჭვრეტასა და მათი დაძლევის საკითხში ნათელი ხედვის შემუშავებას მოითხოვს. ეს კი შესაბამისი, ადეკვატური დროის, სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან, მათ შორის, არასამთავრობო სექტორთან საქმიანი, ჰარმონიული თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი და არა დაუყოვნებლივ, და მით უფრო საბჭოსთან კონფრონტაციული დაპირისპირების რეჟიმში.

ნიშანდობლივია, რომ იუსტიციის საბჭო სასამართლო კორპუსთან ერთად აქტიურად იყო ჩართული მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის საკანონმდებლო წინადადებების მომზადებაში. იუსტიციის სამინისტროს ამ საკანონმდებლო ინიციატივებს დღეისათვის განიხილავს საკანონმდებლო ორგანო. პარლამენტის მიერ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მოკლე ხანში მიღება უზრუნველყოფს, კონკურსის წესით, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცედურების გამჭვირვალობასა და განჭვრეტადობას. ასევე, გამწესებაზე უარის შემთხვევაში გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმის დამკვიდრებას. კანონპროექტი სიახლეებს გვთავაზობს დისციპლინური სამართალწარმოების საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის კუთხით. 

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი არეგულირებს სასამართლოში შესულ საქმეთა ელექტრონული განაწილების წესს. მისი ამოქმედების თარიღად 2017 წლის იანვარია მითითებული, ჩასატარებელი ორგანიზაციული სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით.
საბჭო გამოხატავს მზადყოფნას, ღიად ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც ნამდვილად დაინტერესებულია მართლმსაჯულების სისტემის განვითარებით და ურთიერთპატივისცემის საწყისებზე წარმოუდგენია ეს პროცესი" - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 

კოალიციას დამოუკიდებელი და თავისუფალი მართლმსაჯულებისთვის სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს - შეიცვალოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი; დაჩქარდეს საქმეთა ელექტრონული განაწილების შემოღება სასამართლოებში; მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შემთხვევაში, ყველაფერი გამჭვირვალე იყოს.

კომენტარები