მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

შოთა ხაბარელი მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მხარს არც მომავალში დაუჭერს

შოთა ხაბარელი
ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი შოთა ხაბარელი მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მხარს არც მომავალში დაუჭერს. როგორც ცნობილია, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ეცდება გუნდში მხარდაჭერის კონსოლიდაციას მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. შოთა ხაბარელი ერთ-ერთია ქართული ოცნებიდან, რომელმაც "გირჩის" კანონპროექტს დეკრიმინალიზაციაზე მხარი არ დაუჭირა, ტაბულა დაინტერესდა, რამდენად შეიცვლის ის აზრს მომავალში.

"მე, რა თქმა უნდა, აზრს არ შევიცვლი. იმდენად, რამდენადაც ვიცი, ეს რამდენად მავნეა ორგანიზმისთვის. არაფრით არ შეიძლება, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის პირველმა მოადგილემ ან რომელიმე წევრმა ამ დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭიროს. რადგან ეს არ არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბევრი ახალგაზრდა მინახავს, მარიხუანიდან გადადიან უფრო მკაცრ და ძლიერ ნარკოტიკზე. ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. ამიტომ ეს არ არის მხარდასაჭერი", - თქვა ხაბარელმა.

აღსანიშნავია, რომ ნარკომანიის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო პროგრამამ (The Drug Abuse Resistance Education program), რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ანტინარკოტიკული ორგანიზაციაა, მარიხუანა ე.წ. კარიბჭის ნარკოტიკების სიიდან ამოიღოკარიბჭის თეორიის მიხედვით, ადამიანები, ვინც მსუბუქ ნივთიერებებს მოიხმარენ, მაგალითად, როგორიცაა მარიხუანა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე გადადიან (ჰეროინი, კოკაინი).

კომენტარები