ორლანდოს ტერაქტი

ორლანდოს გეი კლუბზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ORLANDO POLICE

ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში მდებარე გეი კლუბში განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. დაჯგუფებასთან ასოცირებული მედიასაშუალება Amaq-ის განცხადებით, ომარ მატინი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს "მებრძოლი" იყო. როგორც ცნობილია, ტერორისტმა მატინმა თავდასხმამდე 911-ზე დარეკა და ოპერატორთან საუბარში ISIS-ი და ბოსტონის მარათონზე განხორციელებული ტერორისტული აქტების ავტორები ძმები ცარნაევები ახსენა.

აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული თავდასხმის ავტორის მამის, სედიქ მატინის თქმით კი, ტერაქტთან რელიგიას კავშირი არ ჰქონია. მისი თქმით, ტერაქტის მოტივი, შესაძლოა, მისი შვილის ლგბტ თემის მიმართ სიძულვილი იყოს. სედიქ მატინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა თავისი შვილის დამოკიდებულება ლგბტ თემის მიმართ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ომარ მატინი ასეთ ტერაქტს მოაწყობდა. მან მთელ ამერიკას ბოდიში მოუხადა და სოლიდარობა ლგბტ თემსაც გამოუცხადა. მისი თქმით, ლგბტ პირების ბედი ადამიანთა ხელში არ უნდა იყოს და მხოლოდ ღმერთს აქვს მათი განსჯის უფლება.

ტერორისტის ყოფილი ცოლის თქმით კი, მატინი მას ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა და ნათესავებთან ურთიერთობას უკრძალავდა. მისი თქმით, თავდამსხმელი ჰომოფობი იყო, თუმცა რადიკალური ექსტრემიზმით არ გამოირჩეოდა.

საინტერესოა ისიც, რომ FBI-ს ცნობით, სამართალდამცავი ორგანოები ომარ მატინით ჯერ კიდევ 2013 წელს დაინტერესდნენ. მაშინ ომარ მატინი ორჯერ დაკითხეს, თუმცა მისი კავშირები ტერორისტებთან არ დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელმა იარაღი, ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, ლეგალურად შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში მდებარე გეი კლუბ "პულსში" შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და იქ მყოფები დაცხრილა. თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა, 53 დაჭრილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები