დიდი და წმიდა კრება 2016

ილია მეორე კრეტაზე არ მიდის - ეკლესიების ერთობისთვის ის სამებაში ილოცებს

პატრიარქი ილია მეორე

14 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან, 10 ეკლესიის მეთაური, რომელიც კუნძულ კრეტაზე, დიდი და წმიდა კრების დაწყების წინ შეიკრიბა, დანარჩენ ოთხ ეკლესიას - საქართველოს, ბულგარეთს, ანტიოქიასა და რუსეთს, ხვალ, 19 ივნისს, სულთმოფენობის წირვაზე ეპატიჟება.

ბერძნული სააგენტოების ცნობით, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა, ოთხივე ეკლესიის წარმომადგენელთან, რომელთაც კრებაზე არწასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, სატელეფონო საუბარი გამართა და სულთმოფენობის წირვაზე ჩასვლა სთხოვა. 

მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კრეტაზე არ გაემგზავრება და სულთმოფენობის წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღასრულებს.

"სულთმოფენობის დღესასაწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს ყველა ტაძარაში განსაკუთრებულად აღევლინება ლოცვა მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთობისა და მშვიდობისათვის. მისი უწმიდესობა მღვდელმთავრებთან ერთად წირვას ჩაატარებს წმიდა სამების საკათედრო ტაძარში", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები