დიდი და წმიდა კრება 2016

ილია მეორე: არ მივიღებთ კრებაში მონაწილეობას, ზოგიერთი საკითხი მიუღებელია

პატრიარქი და პუტინი
kremlin.ru

დღეს, 12 ივნისს, სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმული საკვირაო ქადაგებისას, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესია კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ დიდ და წმიდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ილია მეორის თქმით, საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს სხვა ეკლესიებთან ერთობის დასაცავად, თუმცა, მისივე თქმით, ეს ერთიანობა ჭეშმარიტებას უნდა ეფუძნებოდეს. 

"თქვენ იცით, რომ 17 ივნისიდან იწყება კრება საბერძნეთში. ჩვენ ვერ, არ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა, დავიცვათ ერთსულოვნება, მაგრამ ერთსულოვნება უნდა იყოს ჭეშმარიტების გზაზე, უფლის გზაზე. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი დაგვეხმარება ჩვენ, რომ დავიცვათ ის მცნებები, ის მადლი, რომელიც გადმოგვცა ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ", - განაცხადა ილია მეორემ.

კრებაზე არწასვლის გადაწყვეტილება, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა 10 ივნისის საგანგებო სხდომაზე მიიღო. 2 კვირით ადრე, 26 მაისის წმიდა სინოდის სხდომაზე, საქართველოს ეკლესიამ დიდი და წმიდა კრების უკვე შეთანხმებულ და მის მიერვე ხელმოწერილ დოკუმენტებში შესწორება მოითხოვა, თუმცა, კრებაზე წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და დელეგაციის შემადგენლობაც განსაზღვრა.

მიღებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში კრებაზე არწასვლის დღის წესრიგში დადგომამ სინოდის წევრებიც გააკვირვა. 10 ივნისის სხდომამდე, მართლმადიდებელი თეოლოგების ნაწილმა სინოდს ღია წერილით მიმართა, სადაც ისინი წერდნენ, რომ თუ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კრეტის ისტორიულ კრებაზე არ წავა, მას იზოლაცია ელის.

14 მართლმადიდებელი ეკლესიიდან, ამ დროისთვის კრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა კიდევ სამმა ეკლესიამ: ბულგარეთის, ანტიოქიისა და სერბეთის საპატრიარქოებმა. ორშაბათს, 13 ივნისს, დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო სხდომაც, რომელზეც, შესაძლოა იგივე შინაარსის გადაწყვეტილება მიიღონ.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმიდა სინოდი აცხადებს, რომ კრეტის კრება მაინც შედგება და მისი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, დაესწრება მას ზოგიერთი ეკლესია თუ არა, ყველასთვის სავალდებულო იქნება.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტის, ზოსიმე შიოშვილის განცხადებით, კრების დოკუმენტებს იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ მათ კანონიკურად ჩათვლიან.

საეკლესიო კომენტატორების ნაწილი მიიჩნევს და იმავე აზრს იზიარებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომ კრებაზე არწასვლით ძლიერდება ეჭვი, რომ საქართველოს ეკლესია რუსულ ორბიტაზეა.

კრეტის კრებაზე გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, რაც თითოეული ეკლესიისთვის ვეტოს უფლებას ნიშნავს.

კომენტარები