დიდი და წმიდა კრება 2016

დიდ და წმიდა კრებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს სერბეთის ეკლესიაც

მართლმადიდებელი ეკლესიების პირველიერარქთა შეკრება შამბეზეში
О. Варов / patriarchia.ru

დღეს, 9 ივნისს, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ის 16-26 ივნისს დაგეგმილ წმიდა და დიდ კრებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და ისტორიული კრების გადადებას ითხოვს.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ანტიოქიისა და ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიებმაც, რის გამოც ისტორიული კრების შეკრება შესაძლოა ვერ მოხერხდეს. რეგლამენტის თანახმად, კრებაზე გადაწყვეტილების მიღებას ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის თანხმობა სჭირდება.

სინოდის სხდომის ოქმში აღნიშნული გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზია დასახელებული. მათ შორის, ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკული შენიშვნები კრებაზე წარსადგენი დოკუმენტებთან დაკავშირებით და ადგილობრივ ეკლესიებს შორის წარმოქმნილი დავები.

ამასთან, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით, კონსტანტინეპოლის ეკლესიამ მის მიერ შეთავაზებული თემატიკიდან არც ერთი კრების დღის წესრიგში არ დააყენა.

მოსკოვის საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის მონაწილეობის გარეშე კრებას აზრი ეკარგება, ამიტომ, რუსეთის ეკლესიაში გეგმავენ წმიდა სინოდის საგანგებო სხდომის მოწვევას.

წმიდა სინოდის საგანგებო სხდომა დანიშნა, ხვალ, 10 ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამაც, რომელზეც, ტაბულას წყაროების ცნობით, შესაძლოა ბულგარეთისა და ანტიოქიის საპატრიარქოებს მიბაძოს და კრებაზე არ წავიდეს.

კონსტანტინეპოლის ეკლესია უარს ამბობს კრების გადადებაზე და აცხადებს, რომ ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესიის მოთხოვნა, გადაიხედოს უკვე დაგეგმილი კრების პროცესი, "სცდება ყოველგვარ ინსტიტუციონალურ საზღვარს".

კომენტარები