ომი სირიაში

რუსეთი ალეპოში ჰუმანიტარულ ოპერაციას იწყებს

express.co.uk

დღეს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ალეპოში ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყება გამოაცხადა, რომელსაც რუსი და სირიელი სამხედროები ერთად განახორციელებენ. ოპერაციის განმავლობაში სამოქალაქო პირებსა და მებრძოლებს ალყაშემოტყმული ქალაქის დატოვების საშუალება მიეცემათ. დედაქალაქის დატოვების მსურველებისთვის, რომელიც ახლა ორ, აჯანყებულებისა და სამთავრობო ძალების კონტროლირებად, ნაწილად არის დაყოფილი, რუსი და სირიელი სამხედროები სამ კორიდორს გახსნიან. შოიგუმ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-მა რუსეთს არ მიაწოდა ინფორმაცია ალნუსრას ფრონტისა და სირიის თავისუფალი არმიის ადგილმდებარეობის შესახებ. მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ, მებრძოლებისთვის გაიხსნება მეოთხე კორიდორი ქალაქის ჩრდილოეთით, კასტელოს გზასთან ახლოს.

შოიგუმ ქალაქში დარჩენილ აჯანყებულებს დანებებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთმა მოახერხა სირიის ხელისუფლების დარწმუნება და ის არ დასჯის მათ, ვისაც სერიოზული დანაშაული არ ჩაუდენია. რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 27 ივლისს, სირიის ჯარმა ალყა შეამჭიდროვა და აღმოსავლეთ ალეპოს ბლოკირება მოახდინა, რის შემდეგაც იქ თვითმფრინავებიდან პროკლამაციები ჩამოყარა. პროკლამაციებით მთავრობა მოსახლეობას თანამშრომლობისკენ, ხოლო მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდებდა. 

აღსანიშნავია, რომ ალეპო გაყოფილია ორ ნაწილად 2012 წლის ზაფხულიდან. ქალაქის დასავლეთ ნაწილს სამთავრობო ძალები, ხოლო აღმოსავლეთს აჯანყებულები აკონტროლებენ. 2014 წელს ასადმა ალყაში მოაქცია ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი. მთლიან ალეპოზე კონტროლის დაბრუნება, თუკი ის მოხდა, პუტინის მოკავშირის, ასადის უდიდესი გამარჯვება იქნება სირიის სამოქალაქო ომის მიმდინარეობის განმავლობაში. 

კომენტარები