ომი სირიაში

ანჯელინა ჯოლიმ გაერო სირიაში უმოქმედობის გამო გააკრიტიკა

სირია ნათელი მაგალითია, თუ როგორ არ არსებობს უდანაშაულო ხალხის დაცვის პოლიტიკური ნება, - ამის შესახებ გაეროს კეთილი ნების ელჩმა, მსახიობმა და რეჟისორმა ანჯელინა ჯოლიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ჯოლიმ გაეროს წევრი ქვეყნები სირიაში უმოქმედობის გამო გააკრიტიკა და მათ მოუწოდა, სირიაში ომის დასრულებისთვის მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ.

„ჩვენ არ შეგვიძლია ვუყუროთ სირიას, იმ ბოროტებას, რომელიც უმოქმედობის გამო იქ ხდება და ვიფიქროთ, რომ მსოფლიოს არაფრის გაკეთება შეუძლია უდანაშაულო ხალხის დასაცავად. სირიელ ლტოლვილებს არ შეუძლიათ სხდომაზე მოსვლა, მაგრამ გთხოვთ, თქვენ შეგიძლიათ მათთან მიხვიდეთ“, - განაცხადა ჯოლიმ.

მსახიობის თქმით, პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაში არ არის, პრობლემა პოლიტიკური ნების არარსებობაა, რომელიც ომს დაასრულებდა.

გაეროში სირიის ელჩმა ბაშარ ჯაფარიმ ჯოლის გამოსვლაზე მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ანჯელინა ჯოლი ლამაზია.

გაეროს მონაცემებით, სირიის ომის განმავლობაში (რომელიც ხუთი წელია გრძელდება) 220 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 7.6 მილიონი კი იძულებით გადაადგილებული პირია.

გასულ წელს უშიშროების საბჭოს 3 სხვადასხვა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობას სანქციებით ემუქრებოდა, რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადო. ეს ორი ქვეყანა ასადის მთავარ მხარდაჭერად ითვლება. დასავლელი დიპლომატების აზრით, უახლოეს მომავალში ეს ქვეყნები პოზიციას არ შეიცვლიან და სანქციებს მხარს არ დაუჭერენ.

კომენტარები