თბილისის მერია

მერია ყაზბეგზე ხეების ჭრის პროცესს აჩერებს და მასალებს პროკურატურაში აგზავნის

ალეკო ელისაშვილი/Fb.com

თბილისის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ყაზბეგის N 22-ში ხეების ჭრის პროცესი შეაჩერა. მერიის განცხადებით, "მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დადგა შპს "ფორესთ კომპანის" მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა". დედაქალაქის მთავრობა საქმის მასალებს საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნის. 

თბილისის მერიის მტკიცებით, ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურმა შპს "ფორესთ კომპანის" თანხმობა მხოლოდ ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადი ხეების მოჭრაზე მისცა.

"ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ შპს "ორბი ჯგუფი თბილისისთვის" გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე უნდა შენარჩუნდეს 18 ძირი საღი კვიპაროზი, 5 ძირი ხე კი აგროტექნიკური ღონისძიებების სრული დაცვით გადაირგოს მიმდებარედ, ისე, რომ არ დაირღვეს მათი სასიცოცხლო ფუნქცია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, შპს "ფორესთ კომპანის" დასკვნის თანახმად, ყაზბეგის N22-ში 68 ხიდან 45 ხე ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადია, სწორედ აღნიშნული დასკვნის მიხედვით მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურმა გასცა ნებართვა 45 ხის მოჭრის თაობაზე", - აცხადებს მერია.

ამასთან, დედაქალაქის მთავრობის ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაგეგმილია 150-მილიონიანი უცხოური ინვესტიციის განხორციელება - სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით, 2000 მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა და ახალი რეკრეაციული ზონის განვითარება.

"უნდა აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა და განხორციელებაა, შესაბამისად, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვითა და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, თბილისის მერია ახლაც და მომავალშიც ხელს შეუწყობს ურბანიზაციას, ქალაქის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. თბილისის მერია საზოგადოებას სისტემატურად მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულად ყაზბეგის N 22-ში და სხვა მსგავსი მასშტაბური პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

მოსახლეობას შევახსენებთ, რომ ახალი გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, რომელიც არის ძალიან სერიოზული და მასშტაბური პროექტი და რომელშიც 200-მდე სხვადასხვა დარგის სპეციალისტი და მოწვეული ექსპერტია ჩართული, მერიამ შეაჩერა ე.წ. კ-2 კოეფიციენტით - ანუ მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი თბილისის ცენტრში.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების აქტიურობა მხოლოდ თბილისის მოსახლეობისა და ქალაქის მომავალი განვითარებისთვის სასიკეთო შედეგებზე იქნება ორიენტირებული", - აცხადებს თბილისის მერია.

ყაზბეგის გამზირზე ხეები გუშინ გაჩეხეს. პარტიზანი მებაღეების განცხადებით, მოჭრილია საღი ხეები. პარტიზანმა მებაღემ ნატა ფერაძემ შიმშილობა დაიწყო. ის მოითხოვს ყველა იმ პირის დასჯას, ვინც 17 აგვისტოს ყაზბეგის 24 ნომერში ხეების გაჩეხვაში მონაწილეობდა.

 

კომენტარები