თბილისის მერია

ენმ: მერიამ და ბაღების სააგენტომ სუს-ის მანკიერი პრაქტიკა შეითავსეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თქმით, საბავშვო ბაღების მასწავლებლებს ბაღების სააგენტომ გაუგზავნა კითხვარი, რომელშიც ერთ-ერთი შეკითხვა მათი პოლიტიკური კუთვნილებისა და აქტიურობის შესახებაა. ენმ-ის წევრებმა თინა ბოკუჩავამ და გოგა ონიანმა აღნიშნეს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ასე აშანტაჟებს და აშინებს საჯარო მოხელეებს.

"გუშინ ბაღების სააგენტომ, მერიის თანხმობით, თბილისში ყველა საბავშვო ბაღის დირექტორს ე.წ. რეესტრი გაუგზავნა, რომელშიც ერთ-ერთი კითხვის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში - არის თუ არა პირი პოლიტიკურად აქტიური და რომელი სუბიექტის მიმართაა დადებითად განწყობილი.

ასეთი შეურაცხყოფა არცერთ ხელისუფლებას მასწავლებლებისთვის არ მიუყენებია. გარდა ამისა, ცალსახაა, რომ მერიამ და ბაღების სააგენტომ სუს-ის მანკიერი პრაქტიკა შეითავსეს. ამ ხელისუფლების პირობებში, მერია ცდილობს, გაარკვიოს ყველა მასწავლებლის პოლიტიკური ორიენტაცია და სწორედ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, განახორციელოს რეპრესიები მათთვის არასახარბიელო მასწავლებლების მიმართ თუ დააწინაუროს. დღევანდელი ხელისუფლება სწორედ ამ ხაზით აპირებს არჩევნების ჩატარებას, რომ დააშანტაჟოს, შეაშინოს საჯარო მოხელეები", - ამბობენ ენმ-ში.

თინა ბოკუჩავას თქმით, ე.წ. რეესტრი ფინანსური ინფორმაციის შესახებაა და აქ პირის პოლიტიკური კუთვნილების შესახებ შეკითხვა, აბსოლუტურად ამოვარდნილია საერთო კონტექსტიდან.

"ეს არის ცალსახა მცდელობა, რომ წინასაარჩევნოდ ნარმანიამ, რომელიც თავის ფუნქციებსაც ვერ ახორციელებს ნორმალურად, სუს-ის ფუნქციები შეითავსოს. ჩვენ ამ დარღვევის შესახებ უწყებათაშორის კომისიას ვაცნობებთ, რომელიც მოგეხსენებათ წულუკიანის ხელმძღვანელობის ქვეშაა. ეს არ არის პირველი დარღვევა. ჩვენ სამწუხაროდ მიგვიმართავს სხვა ტიპის დარღვევებით, რომლებზეც გამოძიება დაწყებულა, თუმცა კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

კომენტარები