თბილისის მერია

მერია: პოლიტიკურ აქტიურობაზე კითხვა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეხებათ

თბილისის მერიის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაღის მასწავლებლებს კითხვარში მათ პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით უნდა ეპასუხათ, სიცრუეა. მათი განმარტებით, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო იცვლის მომსახურე ბანკს და გადადის TBC ბანკის მომსახურებაზე. მერიის ცნობით, ბანკი, მერიისგან დამოუკიდებლად, სააგენტოს თანამშრომლებს ავსებინებს სტანდარტულ კითხვარს, სადაც მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეხებათ გრაფა - „მიეკუთვნება თუ არა კლიენტი პოლიტიკურად აქტიურ პირს“.

"ეს არის მორიგი სიცრუე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან. ისინი კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მოძველებული და არაეფექტური მეთოდებით. დღეს ყველას კარგად ესმის, რომ წინასაარჩევნოდ პარტია ნაციონალური მოძრაობა გაორმაგებული ძალებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით პოლიტიკური ქულების დაწერას და მოვუწოდებთ, რომ პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სიცრუის ტირაჟირებისგან და აღნიშნულის ნაცვლად, ენერგია მიმართონ ქვეყნისა და ქალაქის სასიკეთოდ კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმისაკენ", - წერია მერიის განცხადებაში.

ერთიანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ინფორმაციით, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ მასწავლებლებს გაუგზავნა კითხვარი, რომელშიც ერთ-ერთი შეკითხვა მათ პოლიტიკურ კუთვნილებას და აქტიურობას ეხება. თინა ბოკუჩავამ და გოგა ონიანმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ასე აშანტაჟებს და აშინებს საჯარო მოხელეებს.

კომენტარები