არჩევნები 2016

ხვიჩია თავს იკავებს შეფასებისგან - პროდასავლურია თუ არა ქართული ოცნება

ტაბულა

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის წევრი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ქართულ ოცნებას პრორუსულ ძალას ვერ უწოდებს. ტაბულას კითხვაზე, მიაჩნია თუ არა ქართული ოცნება პროდასავლურად, ხვიჩია შეფასებისგან თავს იკავებს. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, თუმცა ეფექტურად ვერ ებრძოლა პრორუსულ პროპაგანდას. ხვიჩია აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება ერთიანი ძალა არაა და ის „სხვადასხვანაირი ხალხისგან" შედგება.

„იქ არის პროდასავლური ხალხიც და არაპროდასავლური ხალხიც. იყო კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც განახორციელა ქართულმა ოცნებამ. თუნდაც, ასოცირების ხელშეკრულების ნაწილი, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თავისუფალი ვაჭრობის ნაწილში, ასევე, აქვს წინსვლები ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით. ეს არის დადებითი, პროდასავლური ნაბიჯები. NATO-ს გაფართოების კუთხითაც, გაიხსნა NATO-საქართველოს საწრთვნელი ბაზა. ესაა ის ნაბიჯები, რის გამოც მე ქართულ ოცნებაზე ძალიან მიჭირს ხელაღებით ვთქვა, რომ ისაა პრორუსული ძალა" - ამბობს ხვიჩია და იქვე აღნიშნავს, რომ არსებობს მეორე ნაწილიც.

„ესაა პრორუსული აგიტაციის, პროპაგანდის გააქტიურება ქვეყანაში, რაზეც მე მიმაჩნია, რომ ქართულ ოცნებას აქვს ვალდებულება, ებრძოლოს უფრო ეფექტურად. მე არ ვიძახი, რომ აკრძალოს, დახუროს, შევარდეს, მაგრამ უნდა დაუპირისპირდეს საკუთარი იარაღებითა და რესურსებით პრორუსულ პროპაგანდას. ცალსახა შეფასება, რომ ქართული ოცნება პრორუსული ძალაა - ამისი საფუძველი მე არ მაქვს, იმიტომ, რომ იყო კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც მე ვერ შევაფასებ, როგორც პრორუსულს. ყველაფერი არ მომწონს. მაგალითად, საკმარისად ეფექტური არ იყო ხელისუფლება, როდესაც მისი წევრები, თოფაძე და ვიღაცები, იძახდნენ, რომ ზოგს სტალინი უყვარდა, ზოგი ევრაზიული კავშირისკენ იწევდა, NATO არ უნდოდა და სხვა მსგავსი ბოდვები" - ამბობს ხვიჩია და ამატებს, რომ ამ საკითხზე რეაგირება გამოჩნდა, რადგან ეს ადამიანები ქართული ოცნების სიაში არ არიან.

„ზურა ჯაფარიძის და ვახო მეგრელიშვილის ნათქვამი, რომ თუ ქვეყანაში დგება პოლიტიკური კრიზისი და რევოლუციის მომენტი, ჩვენ შეიძლება ვითანამშრომლოთ იმ ფორმატით, რა ფორმატითაც გუშინ ვახომ თქვა. მე არ მგონია, რომ რამე კატასტროფული და მიუღებელი იყო ამ სიტყვებში", - თქვა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, რა პრინციპულ განსხვავებას ხედავს პატრიოტთა ალიანსსა და ქართულ ოცნებას შორის, იაგო ხვიჩიამ უპასუხა, რომ პატრიოტთა ალიანსი, ქართული ოცნებისგან განსხვავებით, დეკლარირებულად პრორუსული ძალაა.

„ესაა ძალა, რომელიც იძახის, რომ თურქეთი საქართველოს მტერია და ამავდროულად, ვერ ხედავს იმას, ვისაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები. ესაა აბსოლუტურად სხვა შემთხვევა და ვფიქრობ მათი გაიგივება არ იქნებოდა სწორი. ყოველ შემთხვევაში, ქართულ ოცნებას არასდროს უთქვამს დეკლარირებულად, რომ პრორუსული ძალაა. ხოლო, პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებით, მგონი, ყველაფერი ცალსახაა", - თქვა ხვიჩიამ.

ტაბულას დამატებით კითხვაზე, დაეზუსტებინა, თვლის თუ არა ქართულ ოცნებას პროდასავლურ პარტიად, გირჩის წევრმა უპასუხა, რომ მისი შეფასების კრიტერიუმი 4 წლის განმავლობაში ქართული ოცნების მიერ გაკეთებული პროდასავლური საქმეებია, თუმცა შიგნით „არის პრორუსული ელემენტები" და ამიტომ „ორივე შეფასებისგან" თავს იკავებს.

„შეფასებისას უნდა ავიღოთ ის კონკრეტული საქმეები, რომლებიც მათ ან ერთი მიმართულებით გააკეთეს, ან - მეორე. იმ საქმეებიდან გამომდინარე, რომლებიც მათ გააკეთეს დასავლეთის ფრონტზე იმასთან შეფარდებით, რაც გააკეთეს რუსული პროპაგანდის ფრონტზე, მიჭირს, რომ ამ პარტიას ვეძახო პრორუსული ძალა. რაც შეეხება, არიან თუ არა პროდასავლურები და გიჟდებიან თუ არა დასავლეთზე, ამ ორი რაღაციდან გამომდინარე, ჩემი შეფასებით, სავსებით საკმარისია, რომ ქართულ ოცნებას არ ვეძახი პრორუსულ ძალას. იქ არიან ადამიანები, რომლებიც პრორუსები არიან, კონკრეტულ განცხადებებზე შემიძლია ვთქვა, რომ პრორუსულია, მაგრამ ჩემი შეფასების კრიტერიუმი ისაა, რომ 4 წლის განმავლობაში ქართული ოცნების მიერ გაკეთებული პროდასავლური საქმეები მინახავს. ჩემი პასუხია ასეთი: რაც მე ჩამოგითვალეთ, ხელისუფლების გადადგმული ის ნაბიჯები არაა პრორუსული. ამ ნაბიჯებიდან გამომდინარე, მე ქართულ ოცნებას არ ვეძახი პრორუსულ ძალას. ასევე, შიგნით არის პრორუსული ელემენტები, ამიტომ ორივე შეფასებისგან თავს ვიკავებ. იმ ფორმატში, რა ფორმატშიც გუშინ ვახომ თქვა, მე რომ მათთან ვითანამშრომლო, მათთან თანამშრომლობა შესაძლებელია. ცხადია, ეს ფორმატი მოიცავს გარკვეულ პირობებს", - თქვა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, გუშინ გირჩის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა თქვა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. დღეს კი, ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, რომ გირჩი ითანამშრომლებს ნებისმიერ პროდასავლურ ძალასთან, რომელიც ხელს მოაწერს მის პრინციპულ ხედვებს.

კომენტარები